Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა | მარგველაშვილი, მაისურაძე და ლიპარტელიანი დაწინაურდნენ

4 საათის წინ სხვა
3 წთ

2025 წლის პირველი პრესტიჟული შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულებულია.

საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე 14 სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 2 მედალი მოიპოვა, საიდანაც ოქროს მედალი არცერთი არ იყო.

ვერცხლის მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა.

პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც მრავალი ცვლილებაა.

განახლებული რეიტინგი

  • 66 კგ | პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ვაჟა მარგელაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა და 4 პოზიციით დაწინაურდა. 31 წლის ქართველი ფალავანი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერია და მის ანგარიშზე 4080 სარეიტინგო ქულაა.

  • 73 კგ | სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ძიუდოს ლეგენდამ - ლაშა შავდათუაშვილმა, სწორედ ამის შედეგად, იგი მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაქვეითდა და 2461 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერია.

  • 90 კგ | პარიზის გრანდ სლემზე ერთადერთი ფინალი ვიჭიდავეთ და ეს ლუკა მაისურაძემ შეძლო, თუმცა ფინალში სამხრეთ კორეელ მეტოქესთან დამარცხდა. მაისურაძემ მოპოვებული მერცხლის მედლით, 700 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა. ლუკას ანგარიშზე 3733 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიოს მე-5 ნომერია.

  • +100 კგ | პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა საბა ინანეიშვილი, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და საბოლოოდ შეჯიბრი მე-5 პოზიციაზე დაასრულა. 23 წლის ქართველმა პარიზში 360 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა - ინანეიშვილი მსოფლიოს 25-ე ნომერია.

  • 57 კგ | ინანეიშვილის მსგავსად, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ეთერ ლიპარტელიანიც. სამწუხაროდ, ეთომ ფრანგ მეტოქესთან ბრძოლა დათმო და უმედლოდ დარჩა, თუმცა მანაც 360 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. ეთერ ლიპარტელიანი, 4227 სარეიტინგო ქულით, მსოფლიოს მე-5 ნომერია.

შემდეგი პრესტიჟული შეჯიბრი ბაქოში ჩატარდება. ბაქოს გრანდ სლემი 14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სტატიები