Belive

პარიზის გრანდ სლემი იწყება | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

2 დღის წინ სხვა
7 წთ

1-2 თებერვალს, წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - პარიზის გრანდ სლემი გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე 14 სპორტსმენით წარსდგება, საიდანაც 12 მამაკაცი, ხოლო 2 ქალია.

ვინაიდან და რადგანაც, პარიზის გრანდ სლემი მხოლოდ 2 დღის განმავლობაში გაიმართება, საასპარეზო დღეების განრიგი შემდეგი იქნება.

  • 1 თებერვალი - მამაკაცები: 60, 66, 73 კგ | ქალები - 48, 52, 57 და 63 კგ.

  • 2 თებერვალი - მამაკაცები: 81, 90, 100 და +100 | ქალები - 70, 78 და +78 კგ.

დღეს, 31 იანვარს კი პარიზის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ფალავნების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები გაირკვა - მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული წონითი კატეგორია, რომელშიც ქართველებს ვიხილავთ.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს, რომელიც 2022 წლის პარიზის გრანდ სლემის ბრინჯაოსმედალოსანია.

ჯაბა განუთესავია და B ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე, პირველივე ეტაპზე, იაპონელი - კენტა სეკიმოტო იქნება, იაპონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, 26 წლის ქართველი, აზერბაიჯანელ - აჰმად იუსიფოვს დაუპირისპირდება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ: ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე იასპარეზებენ.

საინტერესოა, რომ თემურ ნოზაძე მუდმივად 60 კგ წონით კატეგორიაში გვევლინებოდა, თუმცა 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე ძალებს 66 კგ-ში მოსინჯავს. ნოზაძე D ბადეში განუთესავი იქნება და ასპარეზობას, გვინეა ბისაუს წარმომდგენელთან - ეუკლიდეს ჟოაო ლოპესთან დაიწყებს. აფრიკელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, ნოზაძის მეტოქე, გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი - ნარმახად ბაიანმუხი იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ვაჟა A ბადეში განთესილია და პირველ რაუნდს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე, ფრანგ - რომანიკ ბოუდასა და ამერიკელ - აიზია რამირეზს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძიუდოს ექსპერტების აზრით, ვაჟა მარგველაშვილი 2025 წლის პარიზის გრანდ სლემის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას, ლეგენდარული - ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი დაიცავენ.

მიხეილ ბახბახაშვილი B ბადეში იასპარეზებს, სადაც ესპანელ - ჟორჟე კანო გარსიას დაუპირისპიდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, აზერბაიჯანელი - რაშიდ მამმადალიევი იქნება.

რაც შეეხება ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ - ლაშა შავდათუაშვილს, შავი პირველივე ეტაპზე აზერბაიჯანელ - ვუსალ გალანდარზადეს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი 1/8-ფინალურ ეტაპზე, ფრანგ - მაქიმ გობერსა და კოსოვოელ - დარდან სენას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების დროშის ქვეშ ახალგაზრდა ძიუდოისტები - ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე იჭიდავებენ.

დვალაშვილი B ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან იწყებს, სადც მისი მეტოქე, კანადურ-ფრანგულ დაპირისპირებაში გაირკვევა. დიდი შანსია, რომ 1/4-ფინალში ზაურ დვალაშვილისა და ნუგზარ ტატალაშვილის დაპირისპირება ვიხილოთ.

რაც შეეხება კოტე კაპანაძეს, 21 წლის ქართველი C ბადეში განუთესავია და პირველივე ეტაპზე, მონღოლ - შენიბეიერ ოიუნჩიმეგს დაუპირისპირდება. მონღოლი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, კანადელი - ფრანკო გაუტიერ დრაპეუ იქნება, რომელიც C ბადის მთავარი ფავორიტია.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში - ნიკა ხარაზიშვილი და ლუკა მაისურაძე იჭიდავენ.

ნიკა ხარაზიშვილი B ბადეში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქე, სენეგალელი - აბდერაჰმან დიაოს შეხვდება, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, ნიკა ფრანგ - მაქსიმ-გაელ ნგაიამ გამბუს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს, ნიკას მსგავსად, ლუკაც პირველ ეტაპზე სენეგალელ მეტოქეს - რაიან დაკოსტას შეხვდება, 1/4-ფინალში კი, ბელგიელ - სამი ჩოუჩისა და ფრანგ - მაქს ლაბორდეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

100 კგ

100 კგ-ში დებიუტი ექნება საქართველოს ჩემპიონ - ნიკოლოზ ზაალიშვილს.

ზაალიშვილი ძალიან რთულ ბადეში მოხვდა - 18 წლის ქართველი ასპარეზობას ხუსლენ მუნხუსთან დაიწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, 1/8-ფინალში არმან ადამიანს შეხვდება.

+100 კგ

მძიმე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ - საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი იჭიდავებენ.

საბა ინანეიშვილი B ბადეში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე, ფრანგი - ანგელ გუსტანი იქნება, ფრანგული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, 1/4-ფინალში, აზერბაიჯანელ - კანან ნასიბოვსა და ფინელ მსოფლიო ჩემპიონ - მარტი პუუმალაინენს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ირაკლი დემეტრაშვილი A ბადეში მიიღებს მონაწილეობას და 1/8-ფინალში იგი, ფრანგ - ხამზად საფარბაევსა და ჩილელ - ფრანცისკო სოლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1/4-ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, კუბელი მსოფლიო ჩემპიონი - ენდი გრანდა იქნება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ძალიან სტაბილური და ძლიერი წარმომადგენელი - ეთერ ლიპარტელიანი გვეყოლება.

ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ამერიკელი - ანგელიკა დელგადო იქნება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი მას იაპონელი - მეგუმი ფუჩიდა შეხვდება.

+78 კგ

ქალთა მძიმე წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - სოფიო სომხიშვილი დაიცავს.

სოფიო A ბადეში იწყებს ასპარეზობას და მას პირველივე ეტაპზე, იაპონელი - მაო არაი შეხვდება, 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, სომხიშვილის სავარაუდო მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელი - რაზ ჰერშკო იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები