Belive

მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო სიახლეები - კლუბი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა

3 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჯეიდონ სანჩომ მანჩესტერ იუნაიტედი თავისუფალი აგენტის სტატუსით ოფიცილურად დატოვა. ინგლისელი მანჩესტერის წითელ მხარეს დორტმუნდის ბორუსიადან შეუერთდა 75 მილიონ ფუნტად და კლუბში ჯამში 5 წელი გაატარა. „წითელი ეშმაკების“ ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი იჯარით ასტონ ვილაში გაატარა და ერთადერთი გოლი ევროპა ლიგაზე გაიტანა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონა მარკუს რაშფორდის გამოსასყიდ 30 მილიონ ევროს არ გადაიხდის. შესაბამისად, რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდება. კატალონიური კლუბი მზად არის მოლაპარაკებების გასაახლებლად, თუ „წითელი ეშმაკები“ ამის შესაძლებლობას დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ გამოსყიდვის პირობის ვადა 5 დღეში იწურება.

კლუბი ოფიციალურად დატოვეს კაზემირომ და ტაირელ მალაქიამ - ორივემ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

კაზემიროს ტრანსფერი მადრიდის რეალიდან მანჩესტერ იუნაიტედში 2022 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მოულოდნელი მოვლენა იყო. „ოლდ ტრაფორდზე“ ხუთგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მიწვევა გუნდის ნახევარდაცვაში წლების განმავლობაში არსებული კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად. ბრაზილიელმა საყრდენმა პირველივე სეზონში გაამართლა მასზე დამყარებული იმედები: მან მანჩესტერელთა თამაშს სიმტკიცე, უმაღლესი კლასი და გამარჯვებულის მენტალიტეტი შემატა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაზემირო კარიერას MLS-ში, ინტერ მაიამიში გააგრძელებს, სადაც ლეო მესისთან თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი მზადაა დააკმაყოფილოს ელიოტ ანდერსონის სახელფასო მოთხოვნები, რათა ნოტინგემის ნახევარმცველი „ოლდ ტრაფორდზე“ გადაიყვანოს.

ამჟამად ანდერსონი კვირაში დაახლოებით 100,000 ფუნტს გამოიმუშავებს, გავრცელებული ცნობებით, თუ ის რომელიმე მანჩესტერულ კლუბს შეუერთდება, მოსალოდნელია, რომ მისი ხელფასი მინიმუმ 50%-ით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ მისი ახალი ანაზღაურება შესაძლოა კვირაში დაახლოებით 150,000 ფუნტი ან მეტიც იყოს, თუ ტრანსფერი განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველის დამატება ორივე მანჩესტერულ კლუბს სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედი ფრანჩესკო პიო ესპოსიტოსაც აკვირდება. ახალგაზრდა იტალიელი მილანის ინტერის თავდამსხმელია. კლუბი მას განიხილავს, როგორც ბენჟამინ შეშკოს შესაძლო სათადარიგო ვარიანტს.

20 წლის იტალიელ თავდამსხმელს „იუნაიტედის“ სკაუტები იტალიისა და საბერძნეთის ამხანაგურ შეხვედრაში დააკვირდნენ, აღნიშნულ შეხვედრაში სწორედ ესპოსიტომ გაიტანა ერთადერთი გოლი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლო ტრანსფერში შეიძლება განიხილებოდეს გაცვლითი გარიგება - ფულადი კომპენსაცია პლუს ჯოშუა ზირკზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ესპოსიტოს ამბები მხოლოდ სატრანსფერო სპეკულაციაა და ოფიციალური მოლაპარაკებების ან შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა სტატიები