Belive

ბარსელონამ რაშფორდი არ გამოისყიდა - ინგლისელი მანჩესტერში ბრუნდება?!

2 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

კატალონიის ბარსელონამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაააქტიუროს მარკუს რაშფორდის საიჯარო ხელშეკრულებაში ჩაწერილი 30-მილიონიანი გამოსყიდვის პუნქტი. ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ აღნიშნულ პუნქტს ვადა ზუსტად ხუთ დღეში ეწურება.

არსებული ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ოფიციალურად მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება, თუმცა ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ რაშფორდის კატალონიური კარიერა დასრულდა. რომანოს ინფორმაციით, ბარსელონა კვლავინდებურად დაინტერესებულია ფეხბურთელით. კლუბი მზად არის, ალტერნატიული გზები ეძებოს და მანჩესტერთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყოს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ახალი იჯარაა, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა გრანდები საერთო ენის პოვნას. სიტუაცია საკმაოდ დინამიკურია და საბოლოო სურათზე გავლენას სხვა მსხვილი სატრანსფერო ოპერაციებიც მოახდენს.

სპორტული თუ ფინანსური გადაწყვეტილება?

გამოსყიდვის ოპციაზე უარის თქმა უფრო მეტად ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ვიდრე სპორტულით. კლუბისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული სხვა პოზიციების გაძლიერებაა, ამიტომ ხელმძღვანელობას არ სურს 30 მილიონი ევროს გადახდა, სანამ სხვა მნიშვნელოვანი სატრანსფერო საქმეები ბოლომდე არ გაირკვევა.

ამის მიუხედავად, რაშფორდს კლუბის შიგნით დიდი მხარდაჭერა აქვს. ინგლისელმა შემტევმა კატალონიაში საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გაატარა და თავადაც დიდი სურვილი აქვს, ბლაუგრანაში დარჩეს. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, მარკუსი მანჩესტერში დაბრუნებას ისევ ბარსელონაში კარიერის გაგრძელებას ამჯობინებს.

საბოლოო წერტილის დასასმელად ბარსელონამ შიდა რესურსები უნდა მართოს სწორად, რადგან გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ენტონი გორდონის მოსვლამ შემტევ ხაზში კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა. ამას ემატება ისიც, რომ რაფინია და ლამინ იამალი ჰანსი ფლიკის ტაქტიკურ სქემაში ხელშეუხებელ ფიგურებად რჩებიან, რაც რაშფორდისთვის ძირითადში ადგილის დამკვიდრებას კიდევ უფრო ართულებს.

თუმცა, უმთავრესი ფაქტორი მაინც ხულიან ალვარესის ტრანსფერია. არგენტინელი ფორვარდი კატალონიელთა მთავარ სამიზნედ რჩება, მადრიდის ატლეტიკოდან მისი გამოსყიდვა კი კოლოსალურ ფინანსებს მოითხოვს.

საბოლოოდ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა - თანხა, რომელსაც ბარსელონა საბოლოოდ ახალ ცენტრფორვარდში გადაიხდის, პირდაპირ განსაზღვრავს იმას, დარჩება თუ არა გუნდში რაშფორდი. სწორედ ამიტომ, ინგლისელი შემტევი მზად არის, მოიცადოს. მარკუსი ახლა სრულად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას მუნდიალის დასრულებამდე გადადებს.

იმ დროისთვის 30-მილიონიანი პუნქტი უკვე ძალადაკარგული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი გარიგებისთვის ბარსელონას მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებების ნულიდან დაწყება მოუწევს.

სხვა სტატიები