გიორგი გულიაშვილისთვის სეზონი დასრულებულია, ფეხბურთელი თვენახევარი ვერ ითამაშებს
რასინგის ქართველ ფეხბურთელს გიორგი გულიაშვილს მარჯვენა ტერფის ტრავმა აქვს და დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში ვერ ითამაშებს, ინფორმაციას ესპანური გუნდი აქვეყნებს.
24 წლის ქართველმა ფორვარდმა ტრავმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურის შეხვედრაში ვალიადოლიდის წინააღმდეგ მიიღო, გიორგი გულიაშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 23-ე წუთზე დაზიანების გამო შეცვალეს. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრავმის შემდეგ ფეხბურთელს დიაგნოსტიკური ტესტები ჩაუტარდა და სამედიცინო პერსონალმა მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდასტურა.
რასინგის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გულიაშვილი 2025/26 წლების სეზონს გამოტოვებს და ის გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობას მომავალ სეზონამდე ვერ შეძლებს. მისი არყოფნის ხანგრძლივობა კი მის გამოჯანმრთელებაზე იქნება დამოკიდებული.
გიორგი გულიაშვილი რასინგს მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, მას შემდეგ ესპანურ გუნდთან ერთად 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ რასინგი მომდევნო სეზონიდან ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში (ლა ლიგა) იასპარეზებს. მათ ნაადრევად გაიფორმეს ლა ლიგა 1-ის საგზური.