პირველი გრანდ სლემი კარიერაში - ალექსანდრ ზვერევმა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო
გრანდ სლემის წაგებული სამი ფინალის შემდეგ ალექსანდრე ზვერევმა საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. გერმანელმა იტალიელი ფლავიო კობოლი 5 სეტის ჯამში დაამრცხა, ანგარიშით 3-2. დღემდე, გერმანელი ჩოგბურთელის კარიერაში ერთი დიდი შავი ლაქა არსებობდა - გრანდ სლემის ტიტული.
The moment Alexander Zverev became a Grand Slam champion! 🏆 pic.twitter.com/Sc6lZ8WZmk
— TNT Sports (@tntsports) June 7, 2026
პირველი შანსი ზვერევს 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე მიეცა, სადაც ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირზე არც ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, არც რაფაელ ნადალი და არც როჯერ ფედერერი, ამიტომ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი გერმანელი იქნებოდა. ზვერევმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო, პირველი ორი სეტი 6-2, 6-4 მოიგო და კარიერაში პირველი გრანდ სლემის ტიტულისგან სულ რამდენიმე გეიმი აშორებდა. თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო ნერვიულობა. ტიმმა თამაში გამოასწორა, მესამე და მეოთხე სეტები მოიგო, ხოლო გადამწყვეტი მეხუთე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. საბოლოოდ ავსტრიელმა გაიმარჯვა.
ოთხი წლის შემდეგ ზვერევი ისევ დაბრუნდა გრანდ სლემის ფინალში. ამჯერად საფრანგეთის ღია პირველობაზე, სადაც მისი მეტოქე ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი კარლო ალკარასი იყო. მატჩი ხუთ სეტს გაგრძელდა და გარკვეულ მონაკვეთში ყველაფერი ზვერევის სასარგებლოდ ვითარდებოდა. გერმანელმა მესამე სეტის მოგების შემდეგ 2:1 დაწინაურდა და თითქოს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ მიდიოდა. თუმცა ალკარასმა სწორედ მაშინ აჩვენა ჩემპიონის ხასიათი. ესპანელმა ტემპი გაზარდა, ფიზიკურადაც აშკარად აჯობა მეტოქეს და ბოლო ორი სეტი 6-1, 6-2 მოიგო.
მესამე ფინალი 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე შედგა. ამჯერად მის წინ იანიკ სინერი იდგა - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თუ წინა ორ ფინალში ზვერევს გამარჯვების რეალური შანსები ჰქონდა, მელბურნში სიტუაცია განსხვავებული აღმოჩნდა. სინერმა თავიდანვე აკონტროლა თამაში და გერმანელს პრაქტიკულად არ დაუტოვა სივრცე. იტალიელმა 6-3, 7-6(4), 6-3 მოიგო და ავსტრალიაში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა.
2026 წლის როლან გაროსის დრამატული ფინალი ალექსანდრ ზვერევის ისტორიული გამარჯვებით დასრულდა (6-1, 4-6, 6-4, 4-6, 6-1), გერმანელმა კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო. მატჩი ტაქტიკური თვალსაზრისით ორ ნაწილად გაიყო: პირველ და მეხუთე სეტებში ზვერევის მძლავრმა პირველმა მოწოდებამ თავისი გააკეთა, ხოლო მეორედან მეოთხე სეტის ჩათვლით, ფლავიო კობოლიმ აგრესიული ფორჰენდებითა და მოკლე დარტყმებით სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და თამაში მეხუთე სეტში გადაიყვანა. საბოლოოდ, მატჩის ბედი ზვერევის სასარგებლოდ ბრეიკ-პოინტების უკეთესმა რეალიზაციამ და გადამწყვეტ მომენტში იტალიელის ფიზიკურმა დაღლილობამ (ბარძაყის ტრავმა) გადაწყვიტა, რამაც კობოლის გადამწყვეტ, მეხუთე სეტში ბევრი შეცდომა დააშვებინა.