Belive

"ზუსტად ვიცით საქართველოსგან რას უნდა ველოდოთ" - სტალე სოლბაკენი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კვირას მარბელაში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ნორვეგიის ნაკრები საქართველოში გამოემგზავრა. როგორც ნორვეგიულ მედიაში წერენ, ხანგრძლივი ფრენა გუნდისთვის დამღლელი აღმოჩნდა. მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ფეხბურთელები ამას გაუმკლავდებიან. სოლბაკენის თქმით, ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გუნდი ძირითადად მსუბუქად ვარჯიშობდა. ნორვეგიელთა თავკაცი თვლის, რომ ახლა მათთვის მთავარი გამოძინება და ძალების აღდგენაა.

"დღეს გუნდმა გარკვეული ნიუანსები გაიარა, რომელიც საქართველოს სათამაშო ტაქტიკას ეხებოდა. ზუსტად ვიცით საქართველოსგან რას უნდა ველოდოთ." - განაცხადა სტალე სოლბაკენმა.

55 წლის სპეციალისტი თვლის, რომ მის ფეხბურთელებს ესპანეთთან მარცხის შემდეგ გონების გასუფთავება სჭირდებათ.

"ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური ლექციის ჩატარებას არ ვაპირებ, თუმცა, მინდა გააცნობიერონ, რომ ესპანეთის თამაშმა ჩაიარა. ახლა მთავარია საქართველოზე ვკონცენტრირდეთ. ჩვენ კარგი ძილი და კვება გვჭირდება." - განაცხადა ნორვეგიელთა თავკაცმა.

მომავალ შეხვედრაზე გუნდის კაპიტანმა მარტინ ოდეგორმაც ისაუბრა:

"საქართველოსთან გახსნილი თამაში გველის. არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით."

ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და 3:0 დამარცხდა.

"ჯვაროსნებმა" კი, 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ ბათუმში ამხანაგური შეხვედრა გამართეს და მეტოქე 6:1 დაამარცხეს.

საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება 28 მარტს 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები