1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ჩატარებამდე, საფრანგეთმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ევროპის საუკეთესო თერთმეტეული მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაუპირისპირდა.
აღნიშნული დაპირისპირება არ იყო საქველმოქმედო მატჩების უმრავლესობის მსგავსი, რომელშიც კარიერა დასრულებული ვარსკვლავები მონაწილეობენ. ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულებში მოხვდნენ ვარსკვლავები, რომელთაც შესაძლოა რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაებრწყინათ. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო მატჩის ფორმატიდან გამომდინარე, გუნდში თითოეული ქვეყნის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მოხვდა.
ევროპის საუკეთესო თერთმეტეული ისეთი სახელოვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, როგორიცაა: ალესანდრო კოსტაკურტა, ფერნანდო იერო, პოლ ინსი, ზინედინ ზიდანი, პატრიკ კლუივერტი და ალენ ბოკსიჩი. მსოფლიო ვარსკვლავების ჩამონათვალში, მხოლოდ ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტასა და რონალდოს ხსენებაც საკმარისია...
ნებისმიერი დაცვისთვის საკმაოდ რთულ და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა ბატისტუტასა და რონალდოს გამკლავება. გამონაკლისი არც აღნიშნული მატჩი გამოდგა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულის გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.