Belive

ჟუნინიო: ,,ბრაზილია ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი მხარეები არ აქვს''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟუნინიომ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ,,სელესაოს'' ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასა:

,,ბრაზილიის ნაკრები ყატარში დაბალანსებული შემადგენლობით ჩამოვიდა. საიმედო და გამოცდილი მცველები, კრეატიული ნახევარმცველები და გამორჩეული ტექნიკის მქონე შემტევები. ეს ყველაფერი ტიტეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

გუნდი კარგ ფორმაშია. ევროპაში, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ეტაპი მარტივი გასავლელია, მაგრამ ღრმად ცდებიან. ისეთ ნაკრებებთან თამაში, განსაკუთრებით სტუმრად, როგორიც ურუგვაი, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია და ვენესუელა არიან, დამიჯერეთ, ძალიან რთულია. ასევე, ბოლივია, სადაც ზღვის დონიდან 3400 მეტრზე გიწევს თამაში.

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი მხარეები არ აქვს. ბრაზილიაზე ზეწოლის საუკეთესო გზა ფლანგებიდან შეტევაა. მეტოქეს შეუძლია ორ-თავდამსხმელიანი ტაქტიკით ითამაშოს, რათა ბრაზილიის დაცვაზე ზეწოლა მოახდინოს. ნაკრებში არის დანი ალვეში, მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ის ძირითადის ფეხბურთელი იქნება. დანილომ უნდა ითამაშოს, მაგრამ ის შეტევაში უკეთესია, ვიდრე - დაცვაში.

თუმცა, ტიტეს ორი კოზირი აქვს. პირველი ფაბინიოა, ,,ლივერპულის'' ნახევარმცველი იმაზე უკეთესია დაცვაში, ვიდრე ნახსენები ორი მცველი. კიდევ ერთი ვარიანტია მილიტაოს მარჯვნივ დაყენება. მას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. პირველი თამაში გამოაჩენს, შეესაბამება თუ არა დაცვის ხარისხი ნახევარდაცვასა და თავდასხმას.

გუნდში ოპტიმისტური და ენერგიული განწყობაა. ის თუ როგორ ბრაზილიას ვიხილავთ ამ მუნდიალზე, მხოლოდ ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გადასაწყვეტია,'' - წერს ჟუნინიო.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიისა და კამერუნის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ტიტეს გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ, 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები