Belive

ვინისიუსი ურუგვაისთან მეოთხედფინალს გამოტოვებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკაზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი უკვე ცნობილია. ჯგუფში ბრაზილიამ ჯერ იმით გაირთულა საქმე, რომ მეორე ადგილიდან გავიდა და მეოთხედფინალში ურუგვაის ხვდება, მეორე კი ისაა, რომ ვინისიუსი ამ მატჩს გამოტოვებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა ბოლო ტურის მატჩში კოლუმბიასთან ფრედ (1:1) ითამაშეს და ამით კოლუმბიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრის მე-7 წუთზე, ვინისიუსმა ხამეს როდრიგესთან ორთაბრძოლისას ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაფრთხილება აღმოჩნდა (პარაგვაისთან 4:1 მოგებულ მატჩში, ვინისიუსმა მაშინ დაიმსახურა ყვითელი, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - 83-ე წუთზე). ბარათების რაოდენობის გამო (2) ბრაზილიელი შემტევი ნაკრებს ურუგვაისთან ვერ დაეხმარება.

ასეთები ხდება. კოლუმბიასთან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, ამიტომ არავის დასვენებას არ ვაპირებდი. ხალხი ამბობს, რომ ჩვენი უდიდესი ვარსკვლავების გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ და ახლა ამის დროა.

ვინი რთულ მომენტში დავკარგეთ, ნეიმარის არყოფნას უკვე შეგუებულები ვიყავით, ეს ის მომენტია, როცა თავი სხვა მოთამაშეებმა უნდა გამოიჩინონ - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა

მეოთხედფინალური წყვილების ბადის ერთ მხარეს, არგენტინასა და ეკვადორს შორის გამარჯვებული, ვენესუელასა და კანადას შორის უკეთესს ნახევარფინალში შეხვდება. ბრაზილია ან ურუგვაი კი ფინალისთვის კოლუმბიასა და პანამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები