16 წლის წინ, ივნისის დასაწყისში, ჟოზე მოურინიო ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ თავს "განსაკუთრებული" უწოდა, რაც ინგლისურ მედიაში ყბადაღებულ თემად იქცა. ერთი რამის თქმა კი შეიძლება - რომან აბრამოვიჩის ფინანსური მხარდაჭერის ფონზე, მოურინიომ "ჩელსი" ნამდვილად განსაკუთრებულ გუნდად აქცია, რაც წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგიც იყო.
აბრამოვიჩმა მოურინიოს "ჩელსიში" მიყვანა მისი ტრიუმფის შემდეგ გადაწყვიტა - "პორტოსთან" ერთად პორტუგალიელმა სენსაცია მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. გთავაზობთ მოურინიოს ტოპ-10 ტრანსფერს, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, "ჩელსიმ" განახორციელა (ჩამონათვალში არ შედიან არიენ რობენი და პეტერ ჩეხი, რადგან ისინი "ჩელსიმ" ჯერ კიდევ კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობის პერიოდში შეიძინა).
#10 ნემანია მატიჩი
მიხაელ ბალაკის ნაცვლად, სერბი ფეხბურთელის მეათე პოზიციაზე განთავსება იმით არის განპირობებული, რომ ბალაკი უკვე შემდგარი ვარკსვლავი იყო, მატიჩის აღმასვლა კი სწორედ "ჩელსიში" დაიწყო. "ბენფიკას" ყოფილმა ფეხბურთელმა "არისტოკრატებთან" ერთად არაერთი ტიტული მოიგო და მოურინიოს მოთხოვნით, მოგვიანებით "მანჩესტერ იუნაიტედშიც" გადავიდა. ეს იშვიათი მოვლენა არ გახლავთ, ცნობილია რომ პორტუგალიელს გამორჩეული ფეხბურთელების ახალ გუნდში გადაყვანა ახასიათებს.
#9 ფლორენ მალუდა
მალუდას გუნდში მიყვანის შემდეგ, მოურინიომ გუნდი 2 თვეში დატოვა, თუმცა ფრანგის მიყვანის ინიციატივა, უდავოდ მას უნდა მივაწეროთ. მალუდამ "ჩელსიში" 228 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მან 45 გოლის გატანა და 43 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ამ პერიოდში, მან პრემიერ ლიგა, 3 FA თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
#8 დიეგო კოშტა
გამორჩეულად რთული ხასიათის მქონე ესპანელი მოურინიოსთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი გამოდგა: მან პრემიერ ლიგაში 20 გოლი გაიტანა და გუნდს პირველობის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა მოურინიოს წასვლის შემდეგ, ანტონიო კონტეს კოშტა კარგად ვეღარ შეეწყო.
#7 ჯონ ობი მიკელი
მიკელი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც შეიძლება არც კი გაგახსენდეს. თუმცა ის სწორედ იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც მოურინიოს ძალიან უყვარს: ნიგერიელი იყო სტაბილური, ფიზიკურად გამძლე და მწვრთნელის მითითებების იდეალური შემსრულებელი. მიკელისგან პირლოს, ხავის, ან ლამპარდის დონის ფეხბურთს არავინ ითხოვდა, თავის საქმეს კი ნიგერიელი უმეტესწილად უმაღლეს დონეზე ასრულებდა. ეს რომ სიმართლე არ იყოს, 10 წლის განმავლობაში მიკელს "ჩელსიში" 372 მატჩს არავინ ჩაატარებინებდა.
#6 სესკ ფაბრეგასი
მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიში" გაცილებით მცირე ხნის განმავლობაში თამაშობდა, ვიდრე "არსენალში," ესპანელმა გაცილებით მეტ ტიტულს მოუყარა თავი (პრემიერ ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, 3 FA თასი). კოშტა-ფაბრეგასი მართლაც რომ იდეალური წყვილი იყო.
#5 პაულო ფერეირა
მოურინიომ მოითხოვა, რომ "პორტოდან" პაულო ფერეირა მის ახალ გუნდს შეერთებოდა. ფერეირა იყო უზომოდ სტაბილური ფეხბურთელი, რომელსაც მოურინიო თვალდახუჭული ენდობოდა.
#4 მიკაელ ესიენი
უდავო ფაქტია, რომ მიკაელ ესიენი ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი იყო. მას შეეძლო ხისტ ორთაბრძოლებში შესვლა, ბურთის მოპოვება, მოედანზე გონივრული მოქმედება და ასევე, მნიშვნელოვან მომენტებში საოცარი გოლების გატანაც ეხერხებოდა. "რეალში" გადასვლის შემდეგ, მოურინიომ საყვარელი ფეხბურთელი მადრიდში გაიყოლა.
#3 რიკარდო კარვალიუ
პაულო ფერეირაზე კარგი სიტყვები ვთქვით, მაგრამ ალბათ, რიკარდო კარვალიუ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. ტერი-კარვალიუ ერთ-ერთი გაუვალი დაცვის ცენტრი იყო, რომელიც პრემიერ ლიგას ახსოვს: ფიზიკურად ძლიერები და ზუსტი პოზიციის შემრჩევები, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად აზღვევდნენ. კარვალიუმ მოურინიოს ხელმძღვანელობით "პორტოს," "ჩელსისა" და "რეალის" შემადგენლობაში ითამაშა.
#2 ეშლი კოული
როდესაც 21-ე საუკუნის საუკეთესო მარცვენა მცველებზე ვსაუბრობთ, პირველი ეშლი კოული შეიძლება არ გაგვახსენდეს. მაგრამ არსებობს მსოფლიოში 1 გუნდი მაინც, რომელსაც ინგლისელი იდეალურად არ მოერგებოდა? ფეხბურთელი, რომელიც შეუცვლელი იყო როგორც "არსენალის," ასევე "ჩელსის" რიგებში, გუნდის ლეგენდა, რომელიც გარკვეულწილად, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაუფასებელიცაა.
#1 დიდიე დროგბა
ვინ უნდა ყოფილიყო პირველ ადგილზე, თუ არა დიდიე დროგბა? ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც "ჩელსის" ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ის რომ არა, "ჩელსი" ვერც "ბარსელონას" დაამარცხებდა და ვერც ფინალში შეძლებდა ბოლო წუთებზე "ბაიერნისთვის" გამარჯვების გამოტაცებას. მეტიც, პენალტების სერიაში დროგბამ გადამწყვეტი დარტყმა ისე აუღელვებლად და ელეგანტურად შეასრულა, თითქოს კარში ნოიერი კი არა, ვიღაც კოტ-დ'ივუარელი ბავშვი იდგა. დროგბამ "ჩელსის" შემადგენლობაში მრავალ ტიტულს მოუყარა თავი (4 პრემიერ ლიგა, 4 FA თასი, 3 ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა) და გუნდის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ლეგენდად იქცა.