ჟოზე მოურინიო: "ფენერში წასვლა შეცდომა იყო - ბენფიკაში მინდა ძველ დიდებას დავუბრუნდე"
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბენფიკა ყარაბაღთან 2:0-ს იგებდა, მაგრამ აზერბაიჯანულმა გუნდმა მოახერხა და სხვაობა აღმოფხვრა, საბოლოოდ მათ 2:3 გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ პორტუგალიურმა გუნდმა ბრუნო ლაჟი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
ბენფიკას მესვეურებმა კი გადაწყვიტეს, რომ კლუბში ლეგენდარული ჟოზე მოურინიო დაებრუნებინათ, რომელსაც ამ კლუბში 2000-წელს უმუშავია და ეს მისი პირველი კლუბი იყო, სადაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - ასეც მოხდა, ჟოზემ დღეს ლისაბონურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში საქმიანობას ხვალიდან შეუდგება.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პირველი კომენტარი გააკეთა და მან აღიარა, რომ ფენერბაჰჩეში წასვლით დიდი შეცდომა დაუშვა.
„ფენერბაჰჩეში წასვლით დიდი შეცდომა დავუშვი - მივხვდი რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. ეს კლუბი არ იყო ჩემი დონე, არც ამ გუნდის კულტურა და არც ის ჩემპიონატი.
ცხადია, ბოლო დღემდე ყველაფერს ვაკეთებდი ფენერისთვის, მაგრამ ბენფიკას მწვრთნელობა ჩემს უმაღლეს დონეს უბრუნდება და ჩემი მიზანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის მწვრთნელობაა - ბენფიკაში მინდა ძველ დიდებას დავუბრუნდე..." - ჟოზე მოურინიო
პორტუგალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში 3 პორტუგალიური კლუბი გაუწვრთნია, მათ შორის იყო 2000 წელს ბენფიკაც, რომელიც მისთვის პირველი გახლდათ როგორც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. სხვა პორტუგალიურ კლუბებს რაც შეეხება, ის წვრთნიდა ლეირიას და პორტუს. ამ უკანასკნელთან ერთად ჟოზემ 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე 2002/03 წლების სეზონში ევროპა ლიგის ტიტულს დაეუფლა, 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი მოიგო, თითო-თითოჯერ კი პორტუგალიის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.