Belive

ჟოზე მოურინიო 2015 წელს: "ტოტენჰემს არ გავწვრთნიდი" 

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
11-თვიანი იძულებითი შვებულების შემდეგ, ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. "განსაკუთრებული " "ტოტენჰემს" მაურიციო პოჩეტინოს შემცვლელად მოევლინა, თუმცა მცირე შანსია იმისა, რომ "დეზების" თავკაცობა პორტუგალიელი სპეციალისტის ოცნების სამსახური იყო. ჟოზეს, რომელსაც წარსულში პრემიერლიგის ორ სხვადასხვა კლუბში, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში" უმუშავია, "ტოტენჰემის" მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები არასდროს ჰქონია, სამაგიეროდ ამ კლუბში დასაქმების პერსპექტივა უწინაც ჰქონდა, თუმცა უარი თქვა. მოურინიოსთვის "ჩელსი" საყვარელი გუნდია, ის ხომ ერთადერთი კლუბია, სადაც 56 წლის მწვრთნელი დაბრუნდა და რომელთან ერთადაც პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, სწორედ ამიტომ წარსულში უშუალო კონკურენტის გაწვრთნა იუარა. "დიახ, 2007 წელს დანიელ ლევიმ ("ტოტენჰემის" პრეზიდენტმა) მათთან გადასვლა მთხოვა, რაზეც უარი ვთქვი, რადგან "ჩელსის" ქომაგები ძალიან მიყვარს და მათ უშუალო კონკურენტს ვერ გავწვრთნიდი",-თქვა ჟოზემ 2015 წელს, მოურინიოს თბილი ურთიერთობა არც "ტოტენჰემის" გულშემატკივრებთან აკავშირებს. 2018 წელს, როცა ჩრდილო ლონდონელებმა ჟოზეს "მანჩესტერს" მოუგეს, "თეთრების" ფანებმა "რეალის" და "პორტუს" ყოფილ თავკაცს უმღერეს: "შენ აღარასდროს იქნები განსაკუთრებული", რაზეც ჟოზეს პასუხი ასეთი იყო: "დიახ, დღეს მათ ასეთი ფრაზები იყვირეს, მაგრამ იგივე ორი თვის წინ, "უემბლიზე", თასის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ არ გაუკეთებიათ. მათთვის ფინალში გასვლა და ტიტულის მოგება სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ ამის ახდენაში ხელი შევუშალეთ".

სხვა სტატიები