ჟორჟე მენდეში: "ოქროს ბურთის მოგებას იამალის გარდა არავინ იმსახურებს"
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ განცხადება გააკეთა.
მენდეშის თქმით, 19 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ისეთი დონის ფეხბურთი დაანახა მსოფლიოს, რომ ინდივიდუალური ჯილდოების ბრძოლაში მასთან შედარებაც კი უადგილოა. აგენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ოქროს ბურთი" სწორედ ასეთი განსაკუთრებული ტალანტებისთვის არსებობს.
„ოქროს ბურთი გენიოსებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ლამინ იამალი ერთადერთია, ვისაც წელს ამ ჯილდოს მოგება ეკუთვნის. ის ნამდვილი გენიოსია და ამ სეზონის შემდეგ მას ვერავის შეადარებთ,“ - ჟორჟე მენდეში
იამალმა, რომელმაც კატალონიურ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ფენომენალური თამაშით ფეხბურთის სამყარო აღაფრთოვანა, ბევრი ექსპერტის თვალითაც მთავარი ფავორიტის სტატუსი მოიპოვა.
ცნობისთვის, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჯილდოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება ისტორიაში პირველად ჩატარდება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ფარგლებს გარეთ.