ჟერომ როტენი: "მესი პარიზელებს დასცინოდა და ამ ყველაფრის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატი მოგვიგო..."
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა - ჟერომ როტენმა, მესის მიმართ აგრესია და ბრაზი ვერ დამალა და ჟურნალისტებთან, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა.
ჟერომ როტენი "პსჟ"-ს რიგებში 2004-2010 წლებში ირიცხებოდა, სადაც მან 139 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა შეძლო.
"ზოგს მართლაც მოკლე მეხსიერება აქვს. გუნდიდან წასვლის შემდეგ კარგად გამოჩნდა, თუ რას ნიშნავდა მესისთვის პარიზი და პსჟ. ფრანგები პატივს სცემდნენ მესის, როცა ის გუნდში მოვიდა და მაქსიმალური სიყვარული და სითბო დაახვედრეს, თუმცა, სანაცვლოდ მიიღეს მოედანზე სიარული და უპატივცემულობა.
მას არასდროს შეუქია საფრანგეთი, პარიზი, მისი თანაგუნდელები - ეს უპატივცემულობაა. როდესაც გუნდიდან წავიდა ის უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე 2-წელი პსჟ-ში ყოფნის დროს.
მან პსჟ-სთან კონტრაქტს ხელი მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულიყო და ამ დიდებულ ტურნირს საუკეთესო ფორმაში შეხვედროდა - ასეც მოხდა, თუმცა პსჟ-სთვის მას არაფერი გაუკეთებია და მსოფლიო ჩემპიონატიც ჩვენ მოგვიგო.
თუ ის ოლიმპიადაზე არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჩამოვა, მას ტრიბუნებიდან სრული ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ..." - ჟერომ როტენი
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი "პსჟ"-ს ღირსებას 2021/2022 წლების სეზონიდან 2022/2023 წლების სეზონამდე იცავდა, სადაც მან 75 მატჩი ჩაატარა და 32 გატანილ გოლთან ერთად 35 საგოლე გადაცემაც შეასრულა.