Belive

ზედიზედ მეორე ფინალი | ნიდერლანდებთან გამარჯვება და საუთგეიტის ისტორიული მიღწევა

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ევრო 2024-ის ფინალისტები ცნობილია: 14 ივლისს, 23:00-ზე, ბერლინში ესპანეთი ინგლისს დაუპირისპირდება. ესპანეთი რეკორდულ, მეოთხე ტიტულს უმიზნებს, ინგლისისთვის კი ეს პირველი ევროპის ჩემპიონობა იქნება.

ინგლისისთვის, ნიდერლანდების ნაკრების ძლევა (2:1) იოლი გასეირნება არ აღმოჩნდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ინგლისელების თავდაჯერებული და ლაღი ფეხბურთით გამარჯვება ამ ევროპის ჩემპიონატზე არც გვინახავს: , ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც ფინალში ისე გავიდა, რომ მეტოქეებს 1/4-ფინალშიც და 1/2-ფინალშიც ანგარიშში ჩამორჩებოდა საუთგეიტის გუნდმა ჯგუფში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, სლოვაკეთთან 95-ე წუთამდე აგებდა, შვეიცარიას კი პენალტებში სძლია.

ეს შედეგი გარეთ საუთგეიტისთვის უნიკალური მიღწევაა: ინგლისის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა თავისი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა - გაგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ევრო 2020-მდე არც ყოფილა.

საინტერესო სტატისტიკა: ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ (1988), ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა, თუმცა ფინალში თამაში ვერცერთ შემთხვევაში შეძლო.

მატჩის მიმდინარეობა

ნიდერლანდები მალევე დაწინაურდა: 21 მეტრიდან, ხავი სიმონსის უძლიერეს (116 კმ/სთ) გასროლას პიკფორდმა ვერაფერი მოუხერხა. დარტყმა ძლიერი იყო, თუმცა არა აუღებელი. ერთი სიტყვით, მამარდაშვილი ამ ბურთს აუცილებლად აიღებდა.

ხავი სიმონსს ინგლისმა მალევე უპასუხა: საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის, დენზელ დუმფრისს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, 11-მეტრიანი კი ჰარი კეინმა უზადოდ შეასრულა. 1:1.

გოლის გაშვების შემდეგ, ნიდერლანდებმა შეცდომებს უმატა. "ნარინჯისფერების" შეცდომების ხარჯზე, ინგლისი თავისუფალ სივრცეებს კარგად იყენებდა, თუმცა გოლთან ახლოს მაინც ნიდერლანდები მივიდა: დუმფრისმა ბურთი ხარიხას მოარტყა. მალევე, ფოდენმა 99%-იანი შანსი მიიღო, თუმცა მისი რეალიზაცია ვერ შეძლო.

ნიდერლანდებისთვის, მთავარი პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა, მემფის დეპაის ტრავმა გახლდათ: ჰოლანდიელთა შემტევმა მოედანი ნაადრევად დატოვა, მის ნაცვლად შემოსული ვეერმანი მოედნის ცენტრში დადგა, 45-ე წუთზე მალენი ვეგჰორსტმა შეცვალა და ნიდერლანდების შეტევაც ავტომატურად შენელდა.

დეპაისა და მალენის გასვლამ ნიდერლანდებს შემოქმედითობა მოაკლო, თუმცა მეორე ტაიმში, მატჩის სადავეები ნიდერლანდებს ხშირად ეჭირა. და სწორედ მაშინ, როდესაც თამაში დასრულებული ჩანდა, ინგლისმა გაიტანა: 29 წლის ოლი უოტკინსმა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თანაც როგორი - ეს იყო 9 ნომრის პოზიციაზე მოთამაშის ყველაზე დამახასიათებელი და საჭირო მოძრაობა - ცხადია, დარტყმის ჩათვლით.

მატჩის შემდგომ

ნიდერლანდელთა კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი გაბრაზებული ჩანდა: მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯი გასახდელისკენ გაიქცა და ეს უკვე რაღაცას ნიშნავსო. მატჩის მთავარმა გმირმა, ოლი უოტკინმა კი თქვა, რომ პალმერის პასით გოლის გატანა მატჩის დაწყებამდე ივარაუდა.

გარეთ საუთგეიტის შეფასებით, ეს რთული შეხვედრა იყო, სადაც მას ბევრი ცვლილების შეტანა დასჭირდა.

თავის მხრივ, ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი იმედგაცრუებული და გაბრაზებული ჩანდა.

"სხვა რა უნდა გაეკეთებინა დუმფრისს? ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციაში პენალტი არ უნდა ინიშნებოდეს. VAR-ი ფეხბურთს ხელს უშლის. ნახევარდაცვაში ფოდენისა და ბელინგემის შეჩერება გვიჭირდა, თამაშს არ ვაკონტროლებდით, თუმცა დასკვნით 20 წუთში, უკეთესად ვთამაშობდით და ხშირად ვუტევდით. მატჩის მიწურულს, შესანიშნავი გოლი გაგვიტანეს და ამის მიღება ძალიან რთულია ჩვენთვის" - რონალდ კუმანი


👉 იხილეთ მიმოხილვა

სხვა სტატიები