Belive

ყველაზე ცუდი სეზონი გვარდიოლას კარიერაში

1 კვირის წინ ფეხბურთი
4 წთ

პეპ გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე სეზონში მორიგი მარცხი იწვნია. გასვლით მატჩში, ორჯერ დაწინაურებულ "სიტის", მადრიდის "რეალმა" 3 გოლი გაუტანა და ფაქტობრივად, დერბიდ ქცეულ დაპირისპირებაში, კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა.

2024/25 წლების სეზონი პირველია პეპ გვარდიოლას კარიერაში, როდესაც გუნდში მიმდინარე პროცესების სადავეების აღებას ვერ უმკლავდება. შესანიშნავად დაწყებულ სეზონს დაღმასვლა მოჰყვა: ბოლო 24 მატჩში, პეპის გუნდი 12-ჯერ დამარცხდა, 4-ჯერ ფრე ითამაშა და გამარჯვება მხოლოდ 8-ჯერ მოიპოვა. "რეალთან" თამაშამდე, "სიტი" გასვლით მატჩში, ინგლისის რანგით მე-3 დივიზიონში მყოფ "ლეიტონ ორიენტს" ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, მანამდე კი, ლონდონის "არსენალთან" ანგარიშით 5:1 განადგურდა.

თებერვლის შუა რიცხვებია და პრემიერ ლიგაში "სიტი" უჩვეულო, მე-5 ადგილს იკავებს, ლიდერ "ლივერპულს" კი 15 ქულით ჩამორჩება. ბოლო 9 წლის განმავლობაში მოგებული 15 ტიტულისა და აბსოლუტური დომინაციის შემდეგ, პეპის ქაოსური ფეხბურთი მხოლოდ კითხვებს აჩენს, რომელზე საპასუხოდ, ხშირად, როდრის არყოფნისკენ მიუთითებენ, რადგან ესპანელის გუნდში ყოფნისას, "სიტი" თამაშს პრაქტიკულად არ აგებდა.

2023/24 წლების სეზონში, როდრი "სიტის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. პეპის შეგირდებმა პრემიერ ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს. როდრიმ 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ამ რიცხვებზე მეტად მნიშვნელოვანი მისი სხვა კონტრიბუცია გახლდათ: საიმედოობა, მოედნის ცენტრზე დომინაცია, ართმევებისა და მისი გუნდური თუ ინდივიდუალური სწორი გადაწყვეტილებების სიმრავლე, რის შედეგადაც, გვარდიოლას გუნდმა მორიგ ტრიუმფს მიაღწია. PL-ში როდრიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც "სიტიმ" 27 გამარჯვებას და 7 ფრეს მოუყარა თავი.

თუმცა პრობლემა რომ მხოლოდ 1, თუნდაც ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის არყოფნაში არ იმალება, ცხადზე ცხადია. "რეალთან" მატჩის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

ხანდახან, ასეთი რამ ხდება: ერთი გუნდი უკეთესად თამაშობს, თუმცა მატჩის ტაბლო სხვა შედეგს აჩვენებს. 2:1-ს ვიგებდით, თუმცა ამ სეზონში უპირატესობა უკვე ბევრჯერ გავანიავეთ. ანალოგიური რამ მოხდა "ფეიენოორდთან", "სპორტინგთან", "ბრენტფორდთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან"... - გვარდიოლა
საინტერესო სტატისტიკა: ნოემბრის შემდეგ, ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელ გუნდებს შორის, სიტის ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული

გუნდი

მატჩის რაოდენობა

გაშვებული გოლი

მანჩესტერ სიტი

23

44

ტოტენჰემი

25

44

ჰოფენჰაიმი

19

41

ლესტერი

17

40

ჰაიდენჰაიმი

17

38

საუთჰემპტონი

18

38

ლაიპციგი

19

35

ბრესტი

21

35

მონაკო

20

34

ასტონ ვილა

22

34

როდესაც გვარდიოლამ "სიტი" ჩაიბარა, მის განთქმულ "ტიკი-ტაკას" სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ტიტულები მალევე მოვიდა. როდესაც "სიტი" ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაშობდა, სკეპტიციზმმა თავი ისევ იჩინა, მაგრამ ფოდენმა, გიუნდოგანმა და სტერლინგმა ყველა დაადუმეს. შემდეგ იყო დე ბრუინეს ტრავმა, რომელიც გუნდს ნახევარი სეზონით გამოაკლდა, თუმცა "სიტიმ" PL ზედიზედ მეხუთედ მოიგო. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვარდიოლას გუნდი მართლაც გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას.

მარცხის რაოდენობა თითოეულ სეზონში მას შემდეგ, რაც "სიტი" გვარდიოლამ ჩაიბარა

როგორც გამოსახულებაზე ვხედავთ, გვარდიოლამ საკუთარი "ანტირეკორდი" უკვე გაიმეორა. 12 მარცხი პეპის გუნდს 2019/20 წლებში ჰქონდა, როდესაც PL-ის თასს "ლივერპული" დაეუფლა, თუმცა იმ სეზონში, "სიტიმ" 58 მატჩი ჩაატარა. ახლა კი, მაშინ, როდესაც სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია "სიტის" ჩატარებული მატჩების 31.6% დათმობილი აქვს, რაც გვარდიოლას კარიერაში არასოდეს მომხდარა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ, თუ რამდენ გოლს უშვებდა 1 მატჩში საშუალოდ პეპის გუნდი გასულ წლებსა და მიმდინარე სეზონში.

ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უჩვეულოდ არის პეპის გუნდი მოშლილი. მიმდინარე სეზონში, "სიტის" კარში გოლი გატანა უკვე 63-ჯერ იზეიმეს და შედარებისთვის, 2020/21-ში, გუნდმა მხოლოდ 42 გოლი გაუშვა. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე არასახარბიელო მაჩვენებელი "სიტიმ" გასულ წელს დააფიქსირა, როდესაც 1 მატჩში საშუალოდ 1.12 გოლს უშვებდა, რაც მიმდინარესთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია.

მომდევნო მატჩს პეპის შეგირდები 15 თებერვალს, საკუთარ მოედანზე, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ, რომელთან ერთადაც, 41 ქულას იყოფენ. გუნდს არც ისე მარტივი კალენდარი აქვს: 20-ში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "სიტი" "რეალთან" თამაშის შემოტრიალებას შეეცდება, 23-ში "ლივერპულს" უმასპინძლებს და 26-ში კი "ტოტენჰემს" გასვლაზე შეხვდება, რომელსაც ასევე არასახარბიელო სეზონი აქვს და პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები