"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საწადელი რაც არის მივაღწიოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე" - ოთო მამაგეიშვილი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, დღეს, 22:00 საათზე, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს, ხორვატიის წინააღმდეგ რიეკაში გამართავს. პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა რიეკაში, სტადიონ რუევიცაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხოლო მანამდე, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა, ოთო მამაგეიშვილმა უპასუხეს:
ვემზადებით, ჩემთვის სიმართლე, რომ გითხრათ პირველი თამაშის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოგვეხერხებინა ის, რომ სწრაფად აღგვედგინა ძალები, რომელიც ძალიან ბევრი წავიდა პირველ თამაშზე. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი მოედანზე უკვე სრულად მობილიზებული და აღდგენილი გამოვა. ამ მხრივ არამგონია, რომ რაიმე პრობლემა შეგვექმნას, სხვა მხრივ კი ველოდებით ძალიან რთულ თამაშს, სხვანაირად ეს არც შეიძლება, რომ იყოს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს წინაშე დგას ძალიან ძლიერი მეტოქე, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით.
ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ხორვატიის ნაკრებს და ზოგადად ერს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი მიზნები. ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით, მიმდინარე პროცესებში ბევრ ისეთ რაღაცას ვიღებთ, რაც აქამდე ჩვენს თავს არასდროს ყოფილა, იგივე თუნდაც, რომ პრესკონფერენცია აქ იმართება და ერთად ვართ ესეც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან კარგი იყო. ამას მინდა დავამატო ისიც, რომ ბევრი ვიშრომეთ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, პირიქით ყველას ვპირდებით ერთს, რომ რაც ჩვენ ძალებშია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად გავიხაროთ, დანარჩენს კონკრეტულად თამაში გამოაჩენს.
რა თქმა უნდა რთულ თამაშს ველოდებით, ველოდებით უფრო დიდ ზეწოლას და უფრო მეტ ზეწოლას ვიდრე ეს თბილისში გვქონდა და სწორედ ჩვენი მზადებაც ამისკენ არის მიმართული, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ უფრო განსხვავებული და უფრო სტრესული თამაში იქნება ვიდრე თუნდაც ჩვენ გვქონდა საკუთარ არენაზე იმიტომ, რომ რეალურად ხორვატებს აღარც აქვთ უკან დასახევი გზა, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ეს არის მატჩი, სადაც ძალიან ბევრს გადაწყვეტს ფსიქოლოგიური მომენტები. ყველა თამაშს თავისი შინაარსი აქვს, ასე წინასწარ თამაშის წარმოდგენა რა თქმა უნდა ხდება ჩემშიც, სამწვრთნელო შტაბშიც და ფეხბურთელებშიც, მაგრამ მთავარი მანდ შინაარსია, როგორ წარიმართება ეს თამაში და ამიტომ ჩვენი ვალდებულება ერთადერთია, რომ ნებისმიერი შინაარსისთვის ვიყოთ მზად.
- რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, საინტერესო და დიდი მოლოდინები გვაქვს, გვიხარია პირველ რიგში, რომ ამ დონის თამაშებს ვთამაშობთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს ჩავატარებთ.
გვაქვს საშუალება გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ეს გამოცდილებაც და ფსიქოლოგიური მზაობაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს ხვალინდელ შეხვედრაში. დანარჩენს რაც შეეხება, არც მანამდე დაგვიკლია და არც ახლა დავაკლებთ ჩვენს ძალებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საწადელი რაც არის მივაღწიოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ის რა სიამოვნებაც წინა წლებში მივიღეთ და გავაკეთეთ, ის გავიმეოროთ. - ოთო მამაგეიშვილი - 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი ("დინამო ბათუმი"), მიხეილ მაქაცარია ("დინამო თბილისი"), ლევან თანდილაშვილი ("თელავი").
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის "შახტარი"), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე ("დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი ("სირიუსი"), გიორგი მაისურაძე ("ჟიტომირი"), ლადო ოდიშვილი ("თელავი"), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის "ჩერნომორეცი"), თორნიკე მორჩილაძე ("თელავი").
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), გიზო მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი ("ვიტესი"), ლუკა გაგნიძე ("დინამო მოსკოვი"), ნოდარ ლომინაძე ("დილა გორი"), დაჩი ლორდქიფანიძე ("კრემონეზე"), გაბრიელ სიგუა ("ბაზელი").
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე ("ფროზინონე"), გიორგი აბუაშვილი ("კოლხეთი ფოთი 1913"), ლაშა ოდიშარია ("რფს რიგა").