Belive

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი | ჰენდერსონი არაბულ კლუბს ტოვებს და აიაქსში გადადის

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic-ის ინფორმაციით, "ალ-ეტიფაქის" ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, არაბეთს ტოვებს და ამსტერდამის "აიაქსში" გადადის.

ინგლისელ ნახევარმცველს გუნდის ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს. ამჟამად, ჰენდერსონის წარმომადგენლებსა და "ალ-ეტიფაქს" შორის იურიდიული დეტალების განხილვა მიმდინარეობს. შედეგად, 3-წლიანი კონტრაქტი შეჩერდება და ჰენდერსონი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.

სტატიის განახლება: "ალ-იტიფაქი კონტრაქტის შეჩერებას დათანხმდა".

როგორც ცნობილია, ჰენდერსონმა საუდის არაბეთი უკვე დატოვა და ამჟამად დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიფრინავს. რაც შეეხება ამსტერდამის "აიაქსში" ტრანსფერს, მისი ნიდერლანდებში გადასვლა პრაქტიკულად გადაწვეტილია.

12-წლიანი კარიერის შემდეგ, ჰენდერსონმა "ლივერპული" ზუსტად 6 თვის წინ დატოვა. ამ მოულოდნელი ტრანსფერისა და მისკენ მიმართული კრიტიკის შესახებ, "ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა განმარტებაც გააკეთა.

იურგენ კლოპთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. ის გულახდილი ადამიანია. არ მინდა, მასთან საუბრის ყველა დეტალი მოვყვე, რადგან ეს მაინც პირადულია. თუმცა ჩემთვის გასაგები გახდა, რომ მომდევნო სეზონში მოედანზე გაცილებით ნაკლებ დროს გავატარებდი.

თუკი არ ვითამაშებ, ყველამ და განსაკუთრებით, მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ გუნდში უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და მისი კაპიტანი ვიყავი. ჩემთვის ინგლისის ნაკრებიც უმნიშვნელოვანესია, წინ ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება.

შემდეგ, "ალ-იტიფაქი" დამიკავშირდა. აინტერესებდათ, შემეძლო თუ არა კარიერის არაბეთში გაგრძელება. "ლივერპულის" რეაქციით მივხვდი, რომ უარი არ უნდა მეთქვა. - ჯორდან ჰენდერსონის განცხადება ალ-ეტიფაქში გადასვლის შემდეგ

"ალ-ეტიფაქში" გადასვლის უმნიშვნელოვანესი მიზეზი სტივენ ჯერარდიც გახლდათ, რომელიც არაბული გუნდის მთავარი მწვრთნელია. 17 მატჩში, ჰენდერსონმა 4 საგოლე პასი გააკეთა და ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრი გახლდათ, თუმცა კვლავ ევროპის კონტინენტზე თამაში გადაწყვიტა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მისი "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია.

Goal.com-ის თანახმად, საუდის არაბეთის დატოვების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ჰენდერსონის მეუღლე გახლდათ, რადგან მისი ოჯახი ახალ გარემოს ვერ შეეგუა.