Belive

ვლადიმერ მამუჩაშვილი: "ახალი ფორმატის გამო, ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია, თითოეული ქულა კი უმნიშვნელოვანესი" 

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" სეზონი ოთხი ფრით დაიწყო, მეხუთე ტურში კი თბილისის "ლოკომოტივს" დედაქალაქში, 4:1 მოუგო და 7 ქულით მეოთხე ადგილზე აიწია. სეზონის სტარტზე და სამომავლო გეგმებზე Live.ge-სთან ინტერვიუში აჭარული გუნდის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ისაუბრა, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან შავიზღვისპირელების ღირსებას იცავს. პირველ რიგში, შენს ფორმაზე გკითხავ. პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, როგორ ცდილობ სასურველი კონდიციების აღდგენას? მას მერე, რაც საწვრთნელი პროცესი განვაახლეთ, ვცდილობდი, რომ მაქსიმალური დატვირთვით დავხარჯულიყავი, რათა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, კარგი ფიზიკური ფორმა აღმედგინა. ხშირად, დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი და განახლებულ სეზონს თუ არა უკეთესად, უარესად ნამდვილად არ შევხვედრივარ. რაც შეეხება სათამაშო ფორმას, ოპტიმალური მდგომარეობაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ. რას იტყვი მთლიანად გუნდის სათამაშო ფორმაზე? სეზონის საწყის ოთხ მატჩში გამარჯვება ვერ შეძელით, თანაც ნიკა საბანაძის სახით გამოცდილმა თავდამსხმელმა დაგტოვათ პანდემია განსაკუთრებით იმ გუნდებს შეეხოთ, რომელიც გამართულ, ლამაზ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ. ჩვენც ერთ-ერთი მათგანი ვართ, რადგან ჩვენი სათამაშო ფილოსოფია მეტწილად ბურთის კონტროლზეა დაფუძნებული. შეურაცხყოფას, არცერთ გუნდს არ ვაყენებ მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც მოედანზე 5 მცველით გამოდიან, ვფიქრობ ეს მარტივი და პრიმიტიული გზაა, იმ გუნდებისთვის კი, ვინც ბურთის კონტროლზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმეთვიანი პაუზა ხელის შემშლელია. აქედან გამომდინარე იყო, რომ საწყის ოთხ ტურში გამარჯვება ვერ შევძელით. სამწუხაროა, რომ ნიკა საბანაძეს ტრავმის გამო კარიერის დასრულება მოუწია და მისი წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია, ყველა ჩვენგანს გული ძალიან დაგვწყდა. თუმცა, ის ჩვენს კლუბში დარჩება და ეს კარგია. რაც შეეხება გიორგი ნიქაბაძეს, ის გუნდში ახალი მოსულია და ვფიქრობ იმ ფეხბურთს, რომელსაც გია გეგუჩაძე გვათამაშებს, ალღოს მალე აუღებს. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება. როგორია საერთაშორისო მატჩებისთვის მზადების პროცესი? ცხადია, ყველას გვაქვს გონებაში ის აზრი, რომ წინ ევროპის ლიგა გველოდება, მაგრამ იქამდე ეროვნული ლიგა არ ჩერდება. წინ ბევრი შეხვედრა გველის და ჯერ ამ კონკრეტულ მოცემულობაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. შიდა ჩემპიონატში ახალი რეალობაა. შეცვლილი ფორმატის და განახევრებული ტურების შემდეგ, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია და ყველა ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "თელავმა", "მერანმა" და შედარებით სუსტმა გუნდებმა აჩვენეს, რომ ყველა გუნდს შეუძლია სიურპირიზის შემოთავაზება და არავისთვის არაფრის დათმობას აპირებენ. ამრიგად, მთავარი მიზანია, რომ გუნდმა შეძლოს იმ თამაშის ჩვენება, რომელიც სურს და არსებული ხარვეზები გამოასწოროს, რის მერეც, ევროპის ლიგას დამაჯერებლად შეხვდება. გუნდში წინა სეზონშიც იყავი. როგორ ფიქრობ, შთამბეჭდავი სეზონის მიუხედავად, რა დააკლდა გუნდს ჩემპიონობისთვის? ის, რომ წინა სეზონში ჩემპიონები ვერ გავხდით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია. ვერავის ვერაფერს ვერ დავაბრალებთ. ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ პირველ რიგში დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, რადგან ბევრი ქულა უაზროდ დავკარგეთ. მსაჯებზე საუბარი არასწორი იქნება და ეს შვებას არ მოგვიტანს. მთავარია, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. მინდა ჩვენი გულშემატკივრები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ თუ ისევ ერთად ვიქნებით, როგორც წინა სეზონში, სასურველ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

სხვა სტატიები