ვლადიმერ დვალიშვილი: "კონკრეტული თამაშის გამო, არავის გავუშვებთ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო"
2 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ამ თანამდებობაზე სხვა პლანეტიდან არ მოვხვედრილვარ და ფეხბურთელის ამპლუაში ყოფნა იყო ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი და ჩემი მთავარი პრიორიტეტი, როგორც საფეხბურთო გუნდის მენეჯერის, არის ფეხბურთელი. არასდროს, არც მე და არც ჩემი კოლეგები "დინამო ბათუმში" კონკრეტულ მატჩში დაშვებული შეცდომების გამო ფეხბურთელს კლუბიდან არ გავუშვებთ. ლაზარე კუპატაძის გუნდიდან წასვლა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და სწორედ ამიტომაც, გავრცელებულ განცხადებაში "დინამო ბათუმმა" აღნიშნა, რომ მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. მე, მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს შევხვდით და გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. არც კი მინდა, გამოვეხმაურო და კომენტარი გავაკეთო იმ აბსურდულ და ღირსების შეურაცხმყოფელ კომენტარებზე, თითქოს ვინმემ ლაზარე კუპატაძეს სცემა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. არავინ, არც მე, არც გია გეგუჩაძე, არც არჩილ ბერიძე და არცერთი ადამიანი "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელობაში არ იკადრებს იმას, რომ ფეხბურთელი ერთ კონკრეტულ მატჩში დაშვებული შეცდომების გამო გაუშვას და ჯოხი მთლიანად მასზე გადატეხოს. ლაზარეს 10 ბურთი რომ გაეშვა და ყველა მათგანი მისი ბრალი ყოფილიყო, მას ამის გამო კლუბიდან არავინ გაუშვებდა. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და მინდა ლაზარეს სამომავლოდ წარმატება ვუსურვო", - თქვა ვლადიმერ დვალიშვილმა.
კლუბიდან წასვლას თავად ლაზარე კუპატაძეც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.
"მოგესალმებით ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა შავი ზღვის პირატებს და ყველა გულშემატკივარს სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით", - დაწერა ლაზარე კუპატაძემ.“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე “დინამო ბათუმში” 2021 წლის იანვარში მივიდა და შავიზღვისპირელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 58 გოლი გაუშვა, 30-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.