ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს?
5 წლის წინ
ფეხბურთი
11 წთ
- ეს ვისი ბრალია? - ვისი ბრალია? - ვისი ბრალია? - ნუ, ვისი ბრალია, მითხარი. - ფედერაციის.ჩრდილოეთ მაკედონიასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, სწორედ ეს კითხვა მიტრიალებს თავში. ჩემს კითხვაზე პასუხად, სოციალური ქსელი აფეთქდა: ყველა იმას იწერება, ვაისი არაფრისმცოდნე მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებს არასწორად არჩევს და შეცვლებს აგვიანებსო. ჰო, მართლა უცნაური იყო: მეორე ტაიმის და განსაკუთრებით, გოლის გაშვების შემდეგ, ბურთს გამოვემშვიდობეთ, პასი პასს ვერ გადავაბით, სახიფათო შეტევა ვერ განვახორციელეთ და საბოლოო ჯამში, ჩვენი ფეხბურთი ნერვიულ ქაოსს დაემსგავსა. მწვრთნელს კი, მატჩის მიწურულამდე, არაფერი შეუცვლია (გარდა იმისა, რომ ოქრიაშვილმა ფლანგი შეიცვალა). კი, ვაისმა უდავოდ დააგვიანა ცვლილებები, მაგრამ ჰქონდა კი მას რესურსი, რომ მოედანზე რამე შეცვლილიყო?
ფეხბურთი - გუნდურია თუ ინდივიდუალური?
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს მონდომებას არ ვუკარგავ - იბრძოლეს, იწვალეს და განიცადეს. გამარჯვება მათ ისევე სწყუროდათ, როგორც - ჩვენ. მაგრამ ახლა, სრულიად უსახური თამაშის შემდეგ, მინდა, პრობლემებზე ღიად ვისაუბროთ. კი, უდავოდ დიდი დანაკლისი იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდის ლიდერი იყო. დაგვაკლდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც კორონავირუსის გამო, მოედანზე არ იმყოფებოდა. მაგრამ განა ეს გახდა იმისი გადამწყვეტი მიზეზი, რომ მოედანზე მყოფ 3 ფორვარდს (ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი-კაჭარავა), 90 წუთის განმავლობაში, რეალური მომენტი ვერ შეექმნა?
მარად პერსპექტიულები
ალბათ თქვენც დაიღალეთ იმის მოსმენით, რომ ანანიძე პერსპექტიულია, მჭედლიძე სერია ა-ში თამაშობს და ზლატანის მომავალს უწინასწარმეტყველებენ, არაბიძე ახალი მესია, ჭანტურიაც ახალი მესია და ა.შ.
ყოველთვის, როდესაც მჭედლიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აკლდა, ვამბობდით, რომ დიდი დანაკლისი გვქონდა. გეკითხებით, ფორვარდი, რომელსაც კარიერაში, გუნდურ დონეზე, ოფიციალურად 184 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო, სანდოა? 9 მატჩში 1 გოლი, შესაშური შედეგია ნამდვილად. მეტსაც გეტყვით, ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მეტოქის რისხვა. დაკარგულ ტალანტებზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ - ამას ცალკე უზარმაზარი სტატია ეკუთვნის. ჩვენ, გულშემატკივრებს, ხელში ისევ მათი ახალგაზრდობის "ჰაილაითები" შეგვრჩება, მერე კი თავს სინანულით ვიქნევთ: "ოქრიაშვილმა ბელორუსს რა გაუტანა," "ყაზაიშვილმა ჰუმელსი ათრია," "ანანიძემ ავსტრიას საიდან შეუდგო" და ა.შ. მოდით, ახალ პუნქტზე გადავიდეთ.
მომავალ თაობას ვინმე მაგალითს აძლევს?
უესლი სნეიდერის ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე: წლების განმავლობაში, საათები გადიოდა, მე კი კედელთან ვიდექი და ერთსა და იმავე წერტილში, ხან მარჯვენათი, ხანაც მარცხენათი ვურტყამდი ბურთსო. მინდოდა, რომ იდეალური დარტყმა მქონოდაო. და ჰქონდა კიდეც - იყო პერიოდი, როდესაც სნეიდერი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა, რომელიც მეტოქეს ყუმბარისებული და უზუსტესი დარტყმებით აწიოკებდა. რომელ ქართვეელ ფეხბურთელს აქვს იგივე ტიპის ისტორია მოსაყოლი? ვინმეს თუ მოუყოლია, მომასმენინეთ, მადლობას გეტყვით. ვინმე გვყავს ისეთი, სხვას რომ მაგალითს მისცემს? გუშინ მოედანზე დარბოდა და მაკედონიის ნაკრების დამარცხებას ცდილობდა ფეხბურთელი, რომელიც დადასტურებულად ვიცი, რომ მარიხუანას მომხმარებელია. ეს ინფორმაცია კი ხალხში, ჩუმად ჟონავს, მაგრამ არ ხმაურდება. ხელის დაფარების შედეგად კი, ვიღებთ იმ შედეგს, რომელზეც ახლა ვწუხვართ. განა მარიხუანასთან მაქვს პრობლემა? - სულაც არა, ფეხბურთელისგან ვითხოვ რომ სნეიდერივით ივარჯიშოს, კეთილი ინებოს და სანამ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, გართობის სხვა საშუალებები ეძიოს და მერე, თუ მოინდომებს, სნუპ დოგთან ერთად Smoke weed everyday იმღეროს. ჰო, მე, როგორც ჩვენი ნაკრების გულმხურვალე გულშემატკივარი, ფეხბურთელებისგან ვითხოვ, რომ ფეხბურთი ისეთივე შესაძლებლობით, ჟინით, ძალით, მონდომებითა და კლასით ითამაშოს, როგორც ამას გადამწყვეტი გოლის ავტორი, 37 წლის გორან პანდევი ახერხებს.
"ფეხბურთს მეტი ფინანსური რესურსები სჭირდება" - სიცრუეა!
2016 წელს, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა, რომელიც 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა. წლების განმავლობაში, წარმატებისგან შორს მყოფ, ქართულ ფეხბურთში ჩართული ადამიანები აცხადებდნენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი ფინანსებს უკავშირდებოდა. პრობლემის მოგვარება სახელმწიფომ ითავა - ფეხბურთში ფული გამოჩნდა. ვიმეორებ, ფეხბურთში ფული სახელმწიფომ ჩაასხა და არა კერძო ბიზნესმა. მოქალაქეების მიერ გამომუშავებული ფულის გარკვეული პროცენტი ჯერ ბიუჯეტში, შემდეგ კი ქართულ ფეხბურთში მიდის. შევაფასოთ, ბოლო 4 წელიწადში, ვიგრძენით წინსვლა? არის პროგრესი? ამართლებს ასეთი დიდი მოცულობის ფულის უშედეგო ხარჯვა? გვაქვს კი ამისი ფუფუნება? ჩემი პასუხია: არა, თვალსაჩინოდ ჩანს, რომ პროგრესი არ მიგვიღია. მითუმეტეს, 265 მილიონის უშედეგოდ ხარჯვის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს იმ სახელმწიფოს, რომელიც, ოფიციალურად, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაზე (ბულგარეთი) ორჯერ ღარიბია.შეჯამება
ერთი სიტყვით, ვაისზე ხელის გაშვერა მარტივია, მაგრამ რეალურ მიზეზებზე ჩაძიება არ გვიყვარს, არც სიმართლეს ვუსწორებთ თვალს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ნაკრები არის უსუსტესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებიც ბეტისის, ნანტის, შალკეს და მსგავსი საშუალო დონის ევროპული გუნდების დონეს არ აკმაყოფილებენ. ტოპ 5 ლიგის წარმომადგენელი ერთადერთი გუნდის ღირსებას, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს (ლევანტე), რომელსაც, ჯერჯერობით, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია. მწარე სტატისტიკაა ის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს Top 60-ში მყოფ ნაკრებთან ოფიციალურ მატჩში, ბოლო 13 წელიწადში აქვს მხოლოდ 2 (!!!) გამარჯვება: შოტლანდიასთან (2015) და ხორვატიასთან (2011). ერთმა ცნობილმა, ყოფილმა ფეხბურთელმა მითხრა, უამრავი ინფორმაცია მაქვს იმ სამარცხვინო, ბნელი ამბების შესახებ, რაც ფედერაციასა და საქართველოს ჩემპიონატში ხდებაო. იგივე რამ ჩემთვის სხვა, საფეხბურთო სამყაროში ასევე ცნობილ პიროვნებას აქვს ნათქვამი. ჰო, ინფორმაცია აქვთ, ჩუმად ლაპარაკობენ კლანურ სისტემასა და ფულზე დახარბებულ ხალხზე, მაგრამ საბოლოოდ, ისევ მეგობრობას, ნაცნობობას, მეჯვარეობასა და ნათლობებს ეწირება ის, რაც უმთავრესია: სიმართლე, რომლის დამალვის შედეგადაც, ვართ იქ, სადაც ვართ - არავის ვახსოვართ და არც არავის სჭირდება ჩვენი ყაზახეთის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელები, ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავდივართ და ალალად რომ ვთქვათ, დღეს ამას არც ვიმსახურებთ. სანამ სიმართლეზე საუბარს ღიად დავიწყებთ, მანამდე კი ვიქნებით სირაქლემას პოზასა და იმ სიბნელეში, სადაც უძრავად ვართ. მეც თქვენსავით განვიცადე და მეტკინა ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა, მაგრამ გთხოვთ, ვაღიაროთ: ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს არ ვიმსახურებდით. ბრალი კი, მხოლოდ ვლადიმერ ვაისს არ მიუძღვის, პრობლემა უზომოდ კომპლექსურია და მოიცავს სპორტულ სკოლებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელების მონდომებას, ჟინს, ცხოვრების წესს, მენტალიტეტს, აზროვნებასა და ფეხბურთისადმი, როგორც საყვარელი საქმისადმი მიდგომას. ახლა ეს რეალობაა, თუ თვალს გავუსწორებთ და შეცდომებს სწორად გავაანალიზებთ, იქნებ იმ უკეთეს მომავალსაც შევეხოთ, ამდენი ხანი რომ მივდევთ და ვერ დავეწიეთ.