ვიქტორ ოსიმენი: "ყველა გატანილ გოლს თურქ გულშემატკივრებს მივუძღვნი"
ვიქტორ ოსიმენი გამთენიისას, 3 საათზე სტამბოლში ჩავიდა და მას მომავალი გუნდის "გალათასარაის" გულშემატკივრები დიდი სიხარულით დახვდნენ.
ნიგერიელი ფორვარდი დიდი საშიშროების წინაშე იყო, რომ მინიმუმ იანვრამდე სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონოდა, რადგან "ნაპოლიმ" ის სერია A-ს განაცხადიდან გაიყვანა და ტრანსფერიც ვერცერთ დაინტერესებულ მხარესთან ვერ შედგა. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება, ამიტომ ოსიმენისთვის გამოსავლად გალათასარაის დაინტერესება იყო, კლუბი ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით, 2025 წლის ივნისამდე აიყვანს, ხელფასის სახით კი 9-10 მილიონს გადაიხდის, რაც ფეხბურთელისთვის მისაღები პირობა იყო.
ნიგერიელმა ფეხბურთელმა ემოციები ვერ შეიკავა და პირველივე კომენტარში აღნიშნა, რომ ნამდვილად არ ელოდა, ღამის 3 საათზე ამდენი ხალხის დახვედრას.
"წარმოუდგენელი ამბები ხდება. ღამის 3 საათია და უამრავი გულშემატკივარი დამხვდა, ახლა ვიგრძენი თუ რამდენს ნიშნავს ამ ხალხისთვის ფეხბურთი და თუ როგორი დიდი სიყვარული აკავშირებთ ამ ყველაფერთან.
უკვე ვგრძნობ თუ რამხელა მხარდაჭერა მექნება ტრიბუნებიდან. ერთი სული მაქვს ვითამაშო ამ ხალხის წინაშე. მადლობა ასეთი დახვედრისთვის.
ჩემს ყველა გოლს გალათასარაის გულშემატკივრებს მივუძღვნი, რადგან ჩამოსვლის წამიდან მაგრძნობინეს, თუ რამხელა სიყვარული აკავშირებთ ფეხბურთთან და ჩემს მიმართ.
მადლობა, შევხვდებით ძალიან მალე." - ვიქტორ ოსიმენი
"გალათასარაის" გამოსყიდვის უფლება არ ექნება, სამაგიეროდ "ნაპოლის" ექნება შესაძლებლობა ოსიმენთან კოტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო მიუთითოს, რაც უფრო ზრდის შანსს, რომ რომელიმე კლუბი ნიგერიელს ამ ფასად იყიდის (ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გამოსასყიდი 130 მილიონი იყო).