Belive

ვიქტორ ოსიმენ, ჯიგარი ხარ

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ამას ყველა არ გააკეთებდა. მითუმეტეს, კონტექსტი ხომ ყველაფერს ცვლის.

უკვე დიდი ხანია, ვიქტორ ოსიმენი მოედანზე არ გვინახავს - ტრავმის გამო, ნიგერიელს 6 მატჩის გამოტოვება მოუწია, მის არყოფნაში, ფორვარდის ფუნქცია ჯაკომო რასპადორიმ (5 გოლი) და ჯოვანი სიმეონემ (4 გოლი) შესანიშნავად შეასრულეს.

"აიაქსთან" მატჩში, შეცვლაზე შემოსულ ოსიმენს გოლის გატანა წყუროდა, ეს კი მოედანზე მისი ემოციური მოქმედებით განსაკუთრებით შეინიშნებოდა. ეს მეტი იყო, ვიდრე გოლეადორის სურვილი: სპალეტის გუნდში, შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა, სადაც გარანტირებული ადგილი არავის აქვს - თვით ქედმაღალ ოსიმენსაც კი, რომლის სანაცვლოდაც, 2 წლის წინ, დე ლაურენტისმა "ლილს" €75 მილიონი გადაუხადა. "ნაპოლი" ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს, რაშიც, ჯერჯერობით, მას მცირე წვლილი აქვს შეტანილი, ძირითადში ადგილის დაბრუნებას კი, თავის გამოჩენა სჭირდება.

მთავარ ამბავზე გადავიდეთ: გუშინდელ ღამემდე, კვარას პენალტს არ ასრულებინებდნენ და როგორც ყველაფერს, ამასაც თავისი მიზეზიც აქვს. ახლადმოსულ ფეხბურთელს გუნდში არაერთი ლიდერი დახვდა: მთავარი "პენალტისტი" პიოტრ ჟელინსკია, რომელმაც "რეინჯერსთან" 11-მეტრიანი 2-ჯერ გააფუჭა. შემდეგ ბურთი პოლიტანოს გადაეცა, რომლის დარტყმულიც, ყველა ჯერზე ბადეში გაეხვა, თუმცა მაშინ, როცა პოლიტანო სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მოედანს ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა: შესაბამისად, 11-მეტრიან ნიშნულთან სწორედ ნიგერიელი ფეხბურთელი უნდა მდგარიყო.

სწორედ ამ დროს, მოულოდნელი რამ მოხდა: პირდაპირ ეთერში ვნახეთ უზომოდ ადამიანური, მეგობრული, ჰუმანური ჟესტი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარში დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ოსიმენმა, რომელსაც გოლის გატანა თანაბრად სურდა და სჭირდებოდა, ბურთი მოულოდნელად კვარაცხელიას დაუთმო - უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს, რომლის ანგარიშზეც უკვე 4 მოპოვებული პენალტი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, კვარა მეკარის პირისპირ 11 მეტრში არ მდგარა.

ზუსტად ვერ გეტყვით, რა ხდებოდა მის თავში და რა მიზეზით გააკეთა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ოსიმენმა კვარაში შრომა, მონდომება, საოცარი ფინტები და ის სურვილი დააფასა, რომელიც ყველა მოპოვებული 11-მეტრიანის შემდეგ, კვარაში იბადებოდა. იგრძნო, რომ კვარა ამას იმსახურებდა.

გაიტანა. თანაც საუცხოოდ, უძლიერესი დარტყმით აიღო "აიაქსის" კარი, ნიგერიელს კი მადლობა გადაუხადა. ეკუთვნოდა კიდეც.

მცირე გადახვევა: იყო დრო, როდესაც ბენზემას მშრალი სერია ჰქონდა, რის გამოც, მადრიდულმა პუბლიკამ "ბერნაბეუზე" მას სტვენა დაუწყო. რონალდუმ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სარეკორდო გოლების ყველა ჩამონათვალი მისი სახელით იწყებოდეს, ბურთი დიდსულოვნად ბენზემას დაუთმო. ასევე მოიქცა თავად ბენზემა, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" შესრულებული დუბლის შემდეგ, ორმატჩიანი დუელის შემომტრიალებელ როდრიგოს პენალტის შესრულება შესთავაზა. ამას მხოლოდ დიდი პროფესიონალები აკეთებენ, ბურთის დათმობა კი კვარამაც იცის, რაც ბუდუ ზივზივაძისა და ირვინგ ლოსანოს მიმართ გაკეთებული ასისტების დროს ნათლად გამოჩნდა.

ოსიმენს დავუბრუნდეთ. მისმა ქმედებამ მატჩის კომენტატორს, ტატო ბაციკაძეს, ასეთი სიტყვები გამოსტაცა: "ამას ჰქვია, რომ ჯიგარია". ჰოდა ნამდვილად, მარტივი და სალაპარაკო ენით, გულწრფელად მინდა ვთქვათ: დიდი მადლობა, ვიქტორ ოსიმენ, ჯიგარი ხარ.

სხვა სტატიები