ერთა ლიგის 1/2 ფინალში საქართველოს მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფი 16 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ბოლო შეხვედრა ჩვენმა გუნდმა გასვლაზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. ამ მოგებით საქართველომ C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ყაზახეთი იქნება. ჩვენი მეტოქის ვინაობა საბერძნეთი-ჩრდ. ირლანდიის მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ჩრდ. ირლანდია მოიგებდა, ჩვენი მეტოქეები ბერძნები იქნებოდნენ. იმ შემთხვევაში თუ ხმელთაშუა ზღვისპირელები შეხვედრას არ წააგებდნენ, მაშინ ჩვენი ნაკრების მეტოქე ყაზახეთი იქნებოდა. გუსტავო პოიეს გუნდმა ჩრდ. ირლანდია 3:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1/2 ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე ყაზახეთი იქნება. ბერძნები კი შინ თურქეთის ნაკრებს მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ ყაზახეთი დავამარცხეთ და ერთა ლიგის ფინალში გავედით, ჩვენი მომავალი მეტოქე სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება.