ვილი სანიოლი: "საქართველო ოცნების ასრულების გზაზეა და ამ მიმართულებით გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია"
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
"კვიპროსი მეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. ვფიქრობ, პრობლემა იყო, რომ შემტევი ტიპის ფეხბურთელები დაცვაში აქტიურად არ მოქმედებდნენ. გუნდში ბალანსი ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ალბათ უყურეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩს, თუმცა საბოლოო ჯამში საფრანგეთში შედეგით ყველა კმაყოფილი აღმოჩნდა.
ჩვენ წელიწადნახევარია ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ წაგვიგია. შეიძლება ეს არ იყოს საქართველო და ეს იყოს სხვა ქვეყანა - შეიძლება კარგად არ ითამაშო, მაგრამ მაინც გაიმარჯვო. მთავარია შედეგი და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი კვიპროსის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში.
საქართველოს ნაკრებს დიდი რესურსი აქვს, მე მყავს ისეთი ფეხბურთელების ჯგუფი გვყავს, რომლებსაც ინიციატივის ხელში აღება შეუძლიათ. მათ აქვთ შესაძლებლობა რომ უფრო მეტად გაიზარდნონ და ევროპის მასშტაბით უფრო ცნობილები გახდნენ. ჩვენ ვდგავართ ოცნებების ასრულების გზაზე და ვფიქრობ, ამ გზაზე გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია.
ყველამ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ლიდერია, დედაჩემმაც კი, რომელმაც ფეხბურთზე ბევრი რამ არ იცის. თუმცა ჩვენ სხვა ფეხურთელებიც გვყავს და ჩვენი მიზანი დისციპლინით გუნდური ფეხბურთის თამაშია.
შოტლანდიას სამივე მატჩის მოგებას ვულოცავ, გუნდი კარგ ფორმაშია ჩვენ კი ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები უდნა გამოვავლინოთ. მეტოქეს ძალიან დიდი რესურსი აქვს და არაჩვეულებრივი იყო მათი ბოლო მატჩის სცენარი და გამარჯვება ნორვეგიაში. ამ შედეგს პატივს ვცემთ, თუმცა ყველა ეს შედეგი წარსულია და ხვალ ახალი ისტორია იწყება. ვფიქრობ, შეგვიძლია, რომ საქართველოსთვის ძალიან დადებითი ისტორია დავწეროთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.