ვილი სანიოლი: "რა უნდა თქვა, ესპანეთი სხვა პლანეტაზეა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან სტუმრად დამარცხდა (2:0). თამაშის შედეგი მიმდინარეობას ზუსტად არ ასახავს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ნაკრებს გაუმართლა, რომ გაცილებით დიდი ანგარიშით არ დამარცხდა. ესპანელები წარმოუდგენლად დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ქართველებს მცირე შანსიც არ მისცემიათ, რომ თამაშში გარდატეხა შეეტანათ. მატჩის შემდეგ, პრესასთან ვილი სანიოლმა ისაუბრა.
სათქმელი ბევრი ნამდვილად არაა. ისინი უბრალოდ სხვა პლანეტაზე არიან. შეიძლება ყველაფერი გააკეთო, შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ როცა ესპანეთი ასე თამაშობს, შანსი არ გაქვს და ამას უნდა შევეგუოთ.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ესპანეთი სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს - უმაღლესი დონის ფეხბურთს. ჩვენ 2:0 დავმარცხდით და იღბალი აღმოგვაჩნდა რომ მეტი ვერ გაგვიტანეს. ხარისხს შორის განსხვავება დიდი იყო, მაგრამ მოედანზე დავინახე რაღაცები, რაც არ მომეწონა, დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ფეხბურთელებთან კითხვები მექნება.
- განაცხადა ვილი სანიოლმა
საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ესპანეთი პირველ ადგილზეა (სამივე მოგებული მატჩით), მეორე ადგილს 6 ქულით თურქეთი იკავებს, ხოლო მესამეზე საქართველოა 3 ქულით. 14 ოქტომბერს, სწორედ ჩვენი ნაკრები ეწვევა თურქეთს და უპრინციპულეს მატჩს გამართავს, რომლის შედეგმაც, შესაძლოა, ჯგუფში მეორეადგილოსნის ბედი გადაწყვიტოს.