Belive

ვილი სანიოლი: "პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, ნორვეგიასთან შინ ფრე – 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

"პირველი ტაიმით უკმაყოფილო დავრჩი. პირველი 20-25 წუთი საშინელება იყო. ხშირად ვკარგავდით ბურთს. ნელ-ნელა ამის შეცვლას ვცდილობდით.

მეორე ნახევარში მთლიანი სისტემა შევცვალეთ. ცენტრალური მცველის შეცვლამ დიდი სარგებელი მოგვცა. გუნდი მეტი ამბიციით მოქმედებდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმთან შედარებით, როცა ნორვეგიელები ფიზიკურად აშკარად გვჯაბნიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი მამარდაშვილის ცუდ მოქმედებას მოჰყვა, მას არაჩვეულებრივი შეხვედრა ჰქონდა.

გასულ სეზონში სამმცველიანი ტაქტიკით კმაყოფილი ვიყავით, თუმცა, ფეხბურთს განვითარება სჭირდება, მუდამ ერთი ტაქტიკით თამაში შეუძლებელია. საჭიროა ახალ გარემოს მოვერგოთ და ეს შევძელით კიდეც. მატჩი 4 შემტევით დავასრულეთ.

ბოლო თვეებში მიქაუტაძის პროგრესი აშკარაა. ბუდუს ცოტა დრო სჭირდება, რომ ბოლომდე მწყობრში ჩადგეს. ეს მაშინ მოხდება, როცა "კარლსრუეში" მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მიქაუტაძისა და ბუდუს ერთად თამაში ძალიან საინტერესო იქნება.

ხვიჩა ძალიან ნიჭიერია და მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. პატიოსანი ადამიანია, სადაც არ უნდა დავაყენო მზადაა თავდადებით იმოქმედოს და შეასურლოს ის დავალებები, რომელსაც ვაძლევ. გასაგებია, რომ მას ფლანგზე თამაში ყველაზე მეტად უყვარს, მაგრამ ის ისე უნდა გამოვიყენო, როგორც გუნდისთვის იქნება უკეთესი.

ჩაკვეტაძე ძალიან დიდი ტალანტია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. თუმცა, მას ბევრი ტრავმა ჰქონდა და საუკეთესო ფორმის დასაბრუნებლად დრო სჭირდება. თანამედროვე ფეხბურთი როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში თამაშზე არის აწყობილი. კვარაცხელია დაცვაში ხშირად ჩამოდის, თუმცა ჩაკვეტაძე ამას კარგად ვერ ახერხებს, რადგან ჯერ ფიზიკურად მზად არ არის. როდესაც ფეზბურთელი დაიმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს, ის აუცილებლად ითამაშებს. ჩაკვეტაძე არ არის ისეთ ფორმაში რომ ასეთ ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს." - განაცხადა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ 17 ივნისს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები