Belive

ვილი სანიოლი: “პატარა გუნდებთან მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში უნდა ვისწავლოთ”

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები – 4:0 დაამარცხა და ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ ჯგუფში გალიდერდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ვიცოდით, რომ გიბრალტარის ნაკრები ამ ჯგუფში ყველაზე პატარა გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა მეტოქეზე. საწყისი და ბოლო 25 წუთებით კმაყოფილი ვარ თუმცა შუალედში ჩვენი თამაში არ მომეწონა და ბევრი რამ გამოსასწორებელია. მთლიანობაში, ჩვენი ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ – 4:0 კარგი შედეგია.  მიქაუტაძის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისე შემოდგომის შეკრების შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მან ბევრი იშრომა და საკუთარი ის ასპექტები, რომელიც არ მოგვწონდა, დახვეწა. მე ძალიან მიყვარს საბა ლობჟანიძე, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდზე და ეს თამაშის ბოლოს მის მიერ გაკეთებულ ორ საგოლე პასშიც აისახა. პირველმა მატჩმა მოგვცა თუ არა თავდაჯერებულობა, ეს ბულგარეთთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო და მენტალური მდგომარეობაა. გიბრალტარის ნაკრებთან მატჩები იმ კატეგორიისაა, რომელსაც მეტოქის სტატუსიდან და საშინაო კედლების ფაქტორიდან გამომდინარე, აუცილებლად მოსაგები უნდა ვუწოდოთ და ეს გუნდს კიდევ უფრო მეტ წნეხს აყენებს. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ის სამედიცინო სტაფთან ერთად იმყოფება და ბევრი სახის შემოწმებას გადის. მის შესახებ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე საათში გვექნება. “, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლების გატანა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქაუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა მოახერხეს.

სხვა სტატიები