Belive

ვილი სანიოლი: ,,ესპანეთთან თამაშის გეგმა მთლიანად არასწორი იყო''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პირველი არხის ეთერში, გადაცემა ,,ტაიმაუტში'', რამდენიმე საკითხზე ისაუბრა:

„შესარჩევი ჯგუფიდან ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი თუ გვქონდა? ვიცოდით, მძიმე ბრძოლა გველოდა და კონკრეტულ შეხვედრებში მაქსიმუმის გაკეთება გვსურდა. ბოლო მატჩებში პრობლემებს წავაწყდით, განვითარებისთვის შრომაა საჭირო.

მხოლოდ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. ბევრი სხვა ასპექტია და ყურადღება განვითარებაზე უნდა გავამახვილოთ. ნორვეგიაში მეტი უნდა გაგვეკეთებინა. იყო მცირე დეტალები, რამაც საბოლოოდ ეს შედეგები გამოიწვია.

მომეწონა რეაქცია, რომელიც ფეხბურთელებს ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ჰქონდათ. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვდგავართ დ შეგვიძლია, პლეი-ოფის გზით ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო მთლიანად არასწორი, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ასევე არასწორი იყო მოთამაშეთა მიდგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ის ჩავარდნა იყო, რომელიც ნებისმიერ გუნდს ერთხელ მოსდის.

არის თუ არა ჩვენი ნაკრების თამაში დამოკიდებული კვარაცხელიაზე? თუ ლიდერი ფორმაში არ არის, ეს გავლენას ახდენს გუნდზე და ამით ის ზარალდება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს თავის მართლება. ხვიჩა ინტენსიურად მუშაობს, რათა ფორმაში ჩადგეს.

მან ნორვეგიაში ბევრი კარგი თვისება უკვე აჩვენა. დარწმუნებული ვარ, კვიპროსის წინააღმდეგ ხვიჩა დაამტკიცებს, რომ ეროვნულ ნაკრებში საუკეთესოდ თამაშობს. გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაც ფიზიკური ან თავდაჯერებულობის ფაქტორით იყო გამოწვეული.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში, ბათუმში და „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა და მას დრო სჭირდება, რათა ეს ცვლილება გადაამუშაოს, მაგრამ მთავარია, სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თვითრწმენას დაიბრუნებს. - სანიოლის სიტყვებს პირველი არხის ვებგვერდი ციტირებს

სხვა სტატიები