Belive

ვილი სანიოლი: "ბულგარეთთან სანახაობრივ და შედეგიან შეხვედრას ველი"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში მდებარე "ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე", საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"გუნდს დასვენება და აღდგენა სჭირდებოდა. თავდაჯერებულობისთვის შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის კარგია. დასაწყისში 29 ფეხბურთელი ვიხმეთ, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ რესურსი გადავანაწილოთ გიორგი წიტაიშვილის გარდა, რომელსაც სამედიცინო მიზეზებით მატჩის გამოტოვება უწევს, დანარჩენი 28 ფეხბურთელი მწყობრშია. აღდგენის პროცესი კარგად წარიმართა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა, ზოგმა მხოლოდ 60 წუთი. ზოგიერთ მათგანს მატჩის შემდეგ რთული სავარჯიშო პროცესი ჰქონდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. საქართველოდან გულშემატკივრის ჩამოსვლა რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მომენტია, გასაოცარი. ბულგარეთი არ არის საქართველოსთან ძალიან ახლოს და ამის გამო, ჩვენს ქომაგებს კიდევ უფრო მეტი მადლობა ეკუთვნით. ჩვენ ყოველთვის შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურს და ასეც ვაპირებთ, თუმცა კონკრეტულ შეხვედრაში მეტოქის სათამაშო სტილს უნდა მოვერგოთ. ბულგარეთი გიბრალტართან შედარებით ძლიერი გუნდია და მათი შესაძლებლობები სწორად უნდა შევაფასოთ. იმედი მაქვს, სანახაობრივ და შედეგიან მატჩს ვიხილავთ.  შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა დეტალების შესახებ ამ მომენტში საუბარი გამიჭირდება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრა 5 ივნისს, "ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები