"ვიგრძენით, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა" - არნე სლოტი მამარდაშვილის ტრანსფერზე
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, არნე სლოტი ფენომენალურ სადებიუტო სეზონს ატარებს. პრემიერ ლიგის განვლილი 13 ტურის შემდეგ, მერსისაიდელები 34 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან და უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - "ლივერპულმა" ხუთივე მატჩი მოიგო და ერთადერთი კლუბია, რომელმაც 100%-იანი შედეგი დააფიქსირა.
ტრავმების გამო "ლივერპულს" ალისონი, დიოგო ჟოტა, კოსტას ციმიკასი, კონორ ბრედლი, იბრაჰიმა კონატე და ფედერიკო კიეზა ვერ ეხმარებიან. მართალია დანაკლისის მიუხედავად კლუბი ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ პრემიერ ლიგის გრანდმა შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში იაქტიუროს და რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს.
პოტენციური ტრანსფერების შესახებ საუბრისას, არნე სლოტმა უკვე განხორციელებული ტრანსფერებიც გაიხსენა და ყურადღება გიორგი მამარდაშვილზე გაამახვილა.
სეზონის დასაწყისში ხშირად ვამბობდი, რომ უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სატრანსფერო ბაზარზე კარგი ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში, კლუბი არ იაქტიურებს. ეს სწორედ ისაა, რაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შემთხვევაში გავაკეთეთ - ჩვენ ვიგრძენით, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი იყო შანსი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და ასეც მოვიქეცით.
სწორედ ასეთი მიდგომითაა ეს კლუბი ცნობილი და სწორედ ასეთი მიდგომით გაითქვეს სახელი რიჩარდ ჰიუჯსმა და მაიკლ ედვარდსმა. - არნე სლოტი.
შეგახსენებთ, "ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატოს. ქართველი კიპერი "ლივერპულს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.