ვალი €1.3 მილიარდს შეადგენს | როგორ ყიდულობს ბარსა ახალ ფეხბურთელებს?
2 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
როგორ ყიდულობს ბარსა ძვირადღირებულ ფეხბურთელებს მაშინ, როდესაც უდიდესი მოცულობის ვალი აქვს?
ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა. მათ შორის იულიან ნაგელსმანსაც, რომელმაც ასეთი რამ თქვა:"ბარსელონა ერთადერთი გუნდია რმსოფლიოში, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლია. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური და გაუგებარია. არ ვიცი როგორ, მაგრამ ისინი პრობლემის გადაჭრის გზებს პოულობენ", - აღნიშნა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ლევანდოვსკის კატალონიაში გადაბარგების შემდეგ.გასულ ივნისში, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ ლაპორტას ნება დართო, რომ კლუბის აქტივები გასაყიდად გატანილიყო - მოკლევადიან პერსპექტივაში, კრიზისში მყოფი კლუბისთვის ამ ნაბიჯს სარგებელი უნდა მოეტანა. ფინანსური აქტივების პირველი პაკეტის რეალიზაცია წარმატებით განახორციელდა: მიმდინარე წლის 30 ივნისს "ბარსელონამ" საინვესტივიო კომპანია Sixth Street-თან €207.5 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც Sixth Street-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მომდევნო 25 წლის განმავლობაში, ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას "ბარსელონას" სატელევიზიო უფლებების 10% გადაეცა.
ამჟამად "ბარსაში" ფინანსების მოზიდვის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რათა კლუბს იგივე პრობლემა არ შეექმნას, რაც ლიონელ მესის შემთხვევაში მოხდა (იგულისხმება ლა ლიგის რეგულაცია, რომელიც სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარს კლუბის შემოსავლების მიხედვით განსაზღვრავს). სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრული ვადით, "ბარსა" სატელევიზიო უფლებების 15%-ს გაასხვისებს, რომელიც კლუბს დამატებით €300 მილიონს მოუტანს. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ახალი სპონსორის ვინაობა - "ბარსას" მაისურზე მუსიკალური სტრიმინგ სერვისის, Spotify-ის სახელს, 3 წლის განმავლობაში ამოიკითხავთ, რის სანაცვლოდაც, გუნდი 280 მილიონ ევროს მიიღებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რო Spotify-ის მომხმარებლების მომხმარებლების უმეტესობა ახალგაზრდაა (18-24წ. 26%; 25-34წ. 29%), რაც შესაბამისად, ახალ თაობაში კლუბის პოპულარიზაციას გაზრდის.
ტრანსფერებში გაღებული დანახარჯის ნაწილობრივ ამოღებას, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვითაც გეგმავს: "ბარსამ" ტრანფერზე ნეტო (€3 მლნ.), სამუელ უმტიტი (€2 მლნ), ოსკარ მინგესა (€6 მლნ.), რიკი პუჩი ( €7 მლნ.) და მარტინ ბრაითუეითი (€6 მლნ.) დააყენა. "ტოტენჰემში" იჯარის წესით გადავიდა კლემან ლანგლე და სავარაუდოა, რომ "კამპ ნოუზე" აღარ ითამაშებენ ნიდერლანდელი ფეხბურთელები - ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი, რომელთა ჯამური სატრანფერო ღირებულება €105 მილიონს შეადგენს.
შეიძენს თუ არა ბარსელონა კიდევ სხვა ფეხბურთელებს?
რთული შეკითხვაა, პასუხს ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ამ სტატიას ფაბრიციო რომანო არ წერს. თუმცა ცნობილია, რომ ხავის გუნდში სესარ ასპილიკუეტასა ("ჩელსი") და ჟიულ კუნდეს ("სევილია") ხილვა სურს. ესპანელი ფეხბურთელი უკვე ასაკშია (32) და მისი სატრანსფერო ფასი ასტრონომიული ვერ იქნება, თუმცა კუნდე ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და სავარაუდოა, რომ ანდალუსიური კლუბი მას €60 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. ერთი სიტყვით, არაფერია გამორიცხული. ვერავინ იფიქრებდა, რომ კატალონიური კლუბი ამ სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებდა, თუმცა როგორც ჩანს, ლაპორტას გარიგებები სწორად მუშაობს. ამ ეტაპზე, "ბარსელონას" განსაკუთრებით სჭირდება საფეხბურთო დონეზე მიღწეული წარმატებებიც, რაც კლუბს დამატებით ფინანსურ სარგებელს მოუტანს. პარალელურად, განხორციელდება "Spotify Camp Nou-ს" განახლება, რაც კატალონიელებს გაყიდვებს კიდევ უფრო მეტად გაუზრდის.ალბათ გაიგებდით, რომ "კამპ ნოუზე" ქორწილის გადახდა და უგემრიელესი საკვების მირთმევა შეგიძლიათ. დიახ, თუ ეს ამბავი პირველად გაიგეთ, შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმროთ და ინფორმაცია თქვენი თვალით იხილოთ. ერთი სიტყვით, "ბარსას" ფინანსები ესაჭიროება და ამისთვის, ხელმღვანელობა ყველა საჭირო ღონეს მიმართავს, მოტივაცია და აქტიურობა ყველა ფლანგზე ჩანს და ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში, "ბარსელონა", ყველა კუთხით, მუდმივი ინტერესის ობიექტი იქნება.