ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატები სუპერ ლიგის წინააღმდეგ არიან
ახალი ევროპული საკლუბო ტურნირის ჩატარებას ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატები ოფიციალურად ემიჯნებიან. დღეს ევროპულმა სასამართლომ სუპერლიგას მხარი დაუჭირა. გამოტანილი განაჩენით, სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ფიფა და უეფა თავიანთ დომინანტურ პოზიციას ბოროტად იყენებენ'' და ამ ორგანიზაციების წესები სუპერლიგასთან დაკავშირებით, თავისუფალი კონკურენციის კანონს ეწინააღმდეგება. მიუხედავად სასამართოს გადაწყვეტილებისა, პრემიერ ლიგა და ლიგა 1 საწინააღმდეგო პოზიციაზე რჩებიან:
პრემიერ ლიგა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ღია ტურნირების მკაფიო პრინციპების მიმართ, რომლებიც საფუძვლად უდევს შიდა და საერთაშორისო საკლუბო შეჯიბრებებს.
ფეხბურთი ვითარდება კონკურენციით, რომელიც შექმნილია დაწინაურებითა და დაქვეითებით, ამის მთავარი გარანტი შიდა ტურნირები და სათასო მატჩებია. 2021 წლიდან პრემიერ ლიგამ, სხვა საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, ამ სფეროში თავისი წესები და მმართველობაც გააძლიერა.
პრემიერ ლიგა გააგრძელებს ღია და კონსტრუქციულ დიალოგს ფეხბურთის ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან იმის შესახებ, თუ როგორ დავიცვათ და გავაძლიეროთ შიდა და საერთაშორისო საკლუბო ფეხბურთის კონკურენტუნარიანობა და ბალანსი - ნათქვამია პრემიერ ლიგის განცხადებაში
იდეურად თითქმის ანალოგიურ ტექსტს ავრცელებს საფრანგეთის ჩემპიონატიც:
ვერაფერი ჩაანაცვლებს ევროპული შეჯიბრებების ლეგიტიმურობას, ავტორიტეტსა და პრესტიჟს, რადგან ისინი 60 წელზე მეტია იმართება.
ის, რომ დღეს ფეხბურთი ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობაა, იმის დამსახურებაა, რომ მას აქვს მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე კონკურენციის პირობები.
ვერაფერი შეეწინააღმდეგება მთავარ პრინციპს: ყველას მივცეთ „ოცნების“ უფლება და შესაძლებლობა, ჰქონდეს სპორტული პირამიდის მწვერვალზე ასვლის შანსი - განაცხადა ლიგა 1-ის პრეზიდენტმა, ვინსენტ ლაბრუნმა.
უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია რამდენიმე კლუბმაც, მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, მადრიდის "ატლეტიკო", "მანჩესტერ იუნაიტედი", მიუნხენის "ბაიერნი" და "სევილია" სუპერ ლიგაში თამაშზე უარს აცხადებენ. სავარაუდოდ, მათი სია გაიზრდება. მთავარ მომხრეებად "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" რჩებიან, "რეალის" პრეზიდენტის აზრით, უეფასა და ფიფას საფეხბურთო მონოპოლია აქვთ, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს.