უოტფორდის ცუდი თამაში | რა შეფასება დაიმსახურა ჩაკვეტაძემ ნორვიჩთან?
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში "უოტფორდი" სტუმრად "ნორვიჩს" ეთამაშა და ანგარიშით 4:1 დამარცხდა. წინა ტურში გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტრავმა სერიოზული არ იყო და დღევანდელი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრა უოტფორდისთვის ცუდად დაიწყო, უკვე მესამე წუთზე, ნორვიჩი კალუმ დოილის გატანილი გოლით იგებდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ტომ კლევერლიმ 2 იძულებითი ცვლილება 3-წუთიან მონაკვეთში გააკეთა. მე-10 და მე-13 წუთებზე, ტრავმების გამო, მინდორი მეკარემ ბრახმანმა და მცველმა სიერალტამ დატოვეს. მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, უოტფორდმა 26-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ისევ მიიღო და პირველი ნახევარი 2:1 დათმო.
მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მეტოქეს კიდევ 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. sofascore-მა უოტფორდის შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე გამოარჩია და მას სტუმართა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასება (7.2) დაუწერა. აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება აქვს გიორგის whoscored-ზე, აქ მას სტანდარტულად (6.1) დაუწერეს, ისევე როგორც, მისი თანაგუნდელების უმრავლესობას.
ამ მომენტისთვის, უოტფორდს 10 ქულა აქვს და ჩემპიონშიფის მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ჩაკვეტაძის გუნდი ლიდერ "სანდრრელენდს" 5 ქულით ჩამორჩება.