"ვცდილობ უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო ჩემი თამაშის ნებისმიერ კომპონენტზე" - გიორგი ჩაკვეტაძე
"უოტფორდის" ოფიციალურმა საიტმა გიორგი ჩაკვეტაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა
გიორგი, შენმა თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სეზონში, რა არის ამის საიდუმლო?
ვცდილობ უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო ჩემი თამაშის ნებისმიერ კომპონენტზე, სადაც ვგრძნობ, რომ უნდა გავაუმჯობესო. ამაზე დიდ დროს ვხარჯავ და ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რომ გავხდე უფრო სრულყოფილი, მრავალმხრივი და ძლიერი მოთამაშე, რაც გუნდის წინსვლას ხელს უფრო შეუწყობს. - გიორგი ჩაკვეტაძე
შესაძლოა თქვენი ნომრის ცვლილებამ, როდესაც 16 ნომრიდან რვაზე გადახვედი გავლენა მოახდინა?
მე მიყვარს რვა ნომერი, მაგრამ როდესაც ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას არ იყო თავისუფალი, ამიტომ სხვა ნომრით მომიწია თამაში. ახალი ნომრის მორგება ზაფხულში გახდა შესაძლებელი, როდესაც ჯეიკ ლივერმორი წავიდა გუნდიდან, ამიტომ კლუბს ვთხოვე, შემეძლო თუ არა შეცვლა. მათ მითხრეს, რომ შესაძლებელი იყო. ამით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან ძალიან მიყვარს ამ ნომრის ტარება. -
ერთი რამ, რამაც ყველა ადამიანზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის თქვენი უნარი, ბურთი ისე ატაროთ, რომ არ დაკარგოთ, როგორ აკეთებ ამას?
პრაქტიკა ამას უფრო და უფრო აუმჯობესებს და უკეთესს ხდის. -
"პლიმუთთან" შეხვედრის შემდეგ უეინ რუნიმ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელა, რა გრძნობაა?
ეს ძალიან მახარებს და ამით ძალიან ვამაყობ. რუნის ბევრი თამაში მინახავს - ის იყო შესანიშნავი ფეხბურთელი და ლეგენდა - როდესაც ის შენზე მსგავს რამეს ამბობს, ცხადია, ეს მოტივაციად უნდა მიიღო. -
მატჩის შემდეგ რუნი გაგესაუბრა, რა გითხრა?
ის თამაში შემდეგ გამესაუბრა, მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი სათამაშო სტილი და წარმატებები მისურვა. ამ საუბრის შემდეგ უკვე დავრწმუნდი, რომ მოედნის მიღმაც ის ძალიან კარგი ადამიანია. -
ვიცი, რომ კრიშტიანუ რონალდუ შენი კერპია, მოგწონდა მისი თანაგუნდელი რუნის თამაშიც?
მიყვარდა ორივეს ყურება. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან და მათ ეპოქაზე გავლენა მოახდინეს - ისინი გამორჩეულები იყვნენ. -
რატომ არის რონალდუ შენი კერპი?
მას შემდეგ რაც მას პირველად ვუყურე, მაშინვე შემიყვარდა მისი სათამაშო სტილი, მისი მრავალმხრივი უნარები, ტექნიკა, გოლის გატანა, საქმის სიყვარული და ფეხბურთისადმი დამოკიდებულება. -
როგორი განცდა იყო ამ ზაფხულს ევროზე პორტუგალიასთან (და რონალდუსთან) შეხვედრა?
დიდი ემოცია ვიგრძენი, როცა მოედანზე რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი, ძალიან დიდი ემოციებით ავივსე. ზოგადად ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან გავიმარჯვეთ და მერვედფინალში გავედით.
შედეგად, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ის დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება და ყოველთვის ვიამაყებ ამით. -
თამაშის შემდეგ მისთვის მაისურის გაცვლა სცადეთ?
სიმართლე გითხრათ, თამაშის შემდეგ ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ ამაზე არც მიფიქრია!
მერე, როცა გამახსენდა, უკვე გასახდელში აღვნიშნავდით და ჩემს ერთ-ერთ თანაგუნდელს მაისური უკვე გაცვლილი ჰქონდა. -
ვის გაუცვლია შენთვის მაისური, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
ერთხელ ედინ ჯეკოს გავუცვალე მაისური, როცა ბელგიაში, "გენტის" შემადგენლობაში ვთამაშობდი.
ჩვენ ევროპა ლიგის 1/32 ფინალში მათ დავუპირისპირდით. -
მომიყევი საინტერესო ისტორია, საქართველოსთან ერთად ევროზე გატარებული დროის შესახებ?
არ შემიძლია მხოლოდ ერთი მომენტის არჩევა! ეს იყო ისეთი დაუვიწყარი ზაფხული, სავსე ამდენი წარმოუდგენელი მომენტით.
ისეთი თავგადასავალი იყო, რომ სამომავლოდ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას ბევრი ასეთი თავგადასავალი ჰქონდეს. იმედი მაქვს ამას კიდევ მოვახერხებ. -
ეს იყო ისტორიული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის, ფიქრობ, რომ საბოლოოდ მსოფლიომ დაინახა თუ რა შეეძლო თქვენს ნაკრებს?
ვგრძნობ, რომ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა მსოფლიოს და ჩვენი სახელი მსოფლიო რუკაზე დავაფიქსირეთ.
ყველამ კარგად გაგვიცნო, რადგან ეს იყო ჩვენი პირველი დიდი ტურნირი და დაინახეს ჩვენი ძლიერი მხარე. ვფიქრობ, თავის ასე კარგად წარმოჩენის შემდეგ ბევრი არაქართველი გულშემატკივარი შევიძინეთ. -
თქვენ და თქვენმა თანაგუნდელებმა მიიღეს საქართველოს ღირსების ორდენი - როგორი გრძნობა იყო ასეთი ჯილდოთი დაჯილდოება?
ეს ძალიან კარგი ჟესტია და ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ჯილდოს მფლობელი ვარ. -
საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და გულშემატკივრისგან დიდ მხარდაჭერასაც გრძნობთ. რთულია ისეთი საქმის კეთება, როგორიცაა: გასეირნება, რძის ან პურის ყიდვა? ქუჩაში გასვლის შესაძლოა დაგესიონ გულშემატკივრები?
თითქმის ყველგან მიცნობენ! ვერსად წავალ, მაღაზიებშიც კი, რომ ვინმემ არ შემამჩნიოს.
სადაც არ უნდა წავიდე გულშემატკივრისგან უდიდეს მხარდაჭერას და სითბოს ვგრძნობ, მიყვარს მათგან ასეთი ენერგიის მიღება. -
სამშობლოში შენ ყველას ძალიან ეიმედები, როგორი გრძნობაა?
ქართველები ძალიან თბილი ხალხი ვართ და სიყვარულიც გამორჩეულად შეგვიძლია. ადრეც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, როცა შენს ხალხს ასე უყვარხარ, ეს დიდ ენერგიას და მოტივაციას გაძლევს. -
მომიყევი გიჟური ამბავი ფანთან ურთიერთობის შესახებ.
ძალიან ბევრი ყოფილა, ამიტომ ერთის გამოყოფა მიჭირს. -
დიდი პოპულარობით სარგებლობ "უოტფორდის" გულშემატკივრებში და მათ ლედი გაგას სიმღერაც კი გადააკეთეს შენთვის. ალბათ მოგისმენია და როგორი გრძნობაა, რომ ქომაგებისგან ამას ისმენ?
დიახ, მომისმენია და ძალიან მიყვარს. მეც ვმღერი ხოლმე, რადგან აკვიატება იცის. -
ეს ნიშნავს, რომ ახლა ლედი გაგას დიდი ფანი ხარ?
ვფიქრობ, კარგი მუსიკოსია - მადლობა მინდა გადავუხადო სიმღერისთვის. -
როგორ დამკვიდრდით ინგლისში?
უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქ ვარ, ამიტომ ვგრძნობ, რომ ადაპტაცია ამ ქვეყანაში კარგად გავიარე. ინგლისში ცხოვრება მიყვარს და ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ. -
რა არის მთავარი განსხვავება ინგლისსა და საქართველოს შორის?
ყველაზე დიდი განსხვავება ამინდია. -
თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ?
მე მიყვარს ჩემს მეგობრებთან დროის გატარება, მაგრამ ასევე მიყვარს თამაში ან რაიმე საინტერესოს ყურება, იქნება ეს ფილმი თუ შოუ. -
როგორ ირჩევთ, თუ როგორ გსურს დროის გატარება?
ჩვეულებრივ ვეკითხები ჩემს მეგობრებს, ვენდობი მათ რჩევას, რადგან მათ ბევრი რამ იციან ჩემზე და მირჩევენ ახალ ფილმებს, სერიალებს, რომლებიც იციან, რომ მომეწონება. ასევე მიყვარს YouTube-ზე ვიდეოების ყურება. -
რა არის ერთი რამ ინგლისურ კულტურაში, რაც გიყვარს იქ გადასვლის შემდეგ?
ყველაზე მეტად მომწონს მათი მიდგომა მუშაობისადმი – ვფიქრობ, რომ გამორჩეული და განსაკუთრებულია. -
გმადლობთ, რომ დღეს დრო დაგვითმეთ. და ბოლო კითხვა რითიც დავასრულებთ: გაგისინჯავთ თევზი და ჩიფსი?
დიახ. და, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მომეწონა! -