,,უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს თურქეთი უკეთესი ნაკრები იყო'' - ვილი სანიოლი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თურქეთთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ყველასთვის გასაგები იყო, რომ არ იქნებოდა იოლი იმის დავიწყება, რაც ყველამ ერთად გავაკეთეთ. იმისათვის, რომ წარმატება გამეორდეს, აუცილებელია პირველიდან 90-ე წუთამდე ისე იბრძოლო, თითქოს, ეს ბოლო მატჩია და გულახდილად უნდა მიიღო ის რეალობა, რაც გუნდში არსებობს. ვფიქრობ, ბოლო 10 თვის განმავლობაში ამ მხრივ ხარვეზები იყო, რაც ჩვენს თამაშზეც აისახა. მომდევნო კვირებსა და თვეებში ჩვენი ბრძოლისუნარიანობა აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ და დავიბრუნოთ ის რეალობა, რაც ამ მატჩამდე იყო.
ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ოპტიმისტური განწყობით გავდივართ. გუნდურად წარმატებული თამაშია აუცილებელი. შეიძლება, ინდივიდუალურად გამორჩეული მოთამაშეები გყავდეს, თუმცა ასეთი ფეხბურთელი სხვა გუნდში უფრო მეტი იყოს. ამიტომ, ჩვენი ძლიერი მხარე ერთად უნდა ვაჩვენოთ.
არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც მომავალში აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. უკეთესი შედეგისთვის დღეს ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. თურქეთი ძლიერი გუნდია, რომლის ფეხბურთელები ყოველკვირეულად დიდ ჩემპიონატებში თამაშობენ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მეტოქე უკეთესი იყო.'' - ვილი სანიოლი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა.
საქართველო 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.
ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში, სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.