XX საუკუნის დასაწყისში, შავი ზღვის ნაპირებს მომდგარი ინგლისური გემის მეზღვაურებმა საქართველოში იმ დროისთვის უცხო ხილი - ბურთი შემოიტანეს და ამით ჩვენს ქვეყანაში სპორტის #1 სახეობას - ფეხბურთს საფუძველი ჩაუყარეს...
მას მერე, 100 წელიწადზე მეტი გავიდა და სიმბოლურია, რომ შავიზღვისპირეთში, იქ საიდანაც ქართული ფეხბურთი დასაბამს იღებს, საქართველოს ჩემპიონატის "ნაადრევი ფინალი" იმართება. მართალია გათამაშების დასრულებამდე ჩემპიონობის ორ მთავარ მაძიებელს, თანაც ერთმანეთის მოსახელეს, თბილისისა და ბათუმის "დინამოს" კიდევ 6 მატჩი აქვს ჩასატარებელი, თუმც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ისეა დალაგებული, რომ დღეს გამარჯვებული გუნდი დიდი ალბათობით ტიტულის მფლობელი გახდება...
აჭარის დედაქალაქში, შავი ზღვის თვალსაწიერზე მზის გამოჩენასთან ერთად, ქალაქში საფეხბურთო სიომ დაუბერა. ბათუმში დილიდანვე გაიგონებდით ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის დროშებით გაფორმებული მანქანების სირენების ხმას, გულშემატკივრის რომელიც განსაკუთრებული მეტოქის - თბილისის "დინამოს" დასახვედრად ემზადებოდა. თავის მხრივ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში თბილისელთა ერთგული ქომაგებიც გამთენიიდანვე გამოჩნდნენ, რომლებმაც თითქმის 400 კმ დიდი გამარჯვების წყურვილით გადალახეს და მათი საყვარელი კლუბის 14-წლამდე გუნდის გასამხნევებლადაც ჩავიდნენ, რომელიც დილიდან აჭარის თასის გათამაშებაში იყო ჩართული.
დიდი მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება დაძაბულობა კი პიკს აღწევს, სანაპირო ზოლსა და ბულვარში, სამსახურებში, კვებისა თუ გასართობ ობიექტებში ხალხის რაოდენობა იკლებს - "ანგისის საფეხბურთო ბაზის" ტრიბუნები კი ნელნელა ივსება - საწვიმრად გამზადებული ბათუმი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ელის...