ლუის ენრიკე: "ვიტინია ბუსკეტსის დონეა"
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში მონაკო შინ პსჟ-ს მიიღებს. ლიგა 1-ში მონეგასკებს ზედიზედ 3 მარცხი აქვთ, პარიზელებს კი ზედიზედ 3 მოგება და 30 ქულით ცხრილის პირველ ადგილზე არიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ძირითადი ყურადღება ვიტინიაზე გამახვილდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, ტოტენჰემთან, ჰეთ-თრიკი შეასრულა.
კარგია, რომ ასეთი მოთამაშე გყავს. მას უყვარს ფეხბურთის თამაში. ყოველდღე იმდენს ვარჯიშობს, რომ ხანდახან მისი დამშვიდებაც კი მიწევს. ვიტინიამ საკუთარ პოზიციაზე ბევრი რამ შეცვალა. ის ძალიან განსხვავდება, მაგალითად, ბუსკეტსისგან, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშე იყო - აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვიტინიაც სწორედ ამ დონის მოთამაშეა. - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ
პორტუგალიელი ნახევარმცველი, ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ შეაქო ბლეზ მატუიდიმაც (პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი).
ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, რამდენად რთული და იშვიათია ნახევარმცველისთვის თამაშში სამი გოლის გატანა. ვიტინია ყველაფერს სწორად აკეთებს... ის ჯერ კარიერის პიკშიც არ არის. მისთვის ზღვარს ვერ ვხედავ. ისევე, როგორც მოდრიჩმა, ვიტინიამაც შეიძლება ერთ დღეს ოქროს ბურთი მოიგოს. - ბლეზ მატუიდის კომენტარი
მონაკოს მხოლოდ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზეა, წინა ტურში, რენთან სტუმრად შეხვედრაში, მოედანს პოლ პოგბა დაუბრუნდა - ფრანგი მონაკოს შემადგენლობაში ცვლილებაზე შემოვიდა, თუმცა შეხვედრა მისთვის არასასურველი ანგარიშით, 4:1 დასრულდა.