უეინ რუნი: "ამ მომენტისთვის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესოა.
"ამ მომენტისთვის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" - განაცხადა უეინ რუნიმ The Times-თან საუბრისას.
ნორვეგიელი შემტევი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება. "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ, ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა და 48 გოლის გატანა შეძლო. ამ ყველაფერთან ერთად "ქალაქელთა" ცხრიანმა 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულმა კლუბმა ერლინგი 60 მილიონ ევროდ დაიმატა.
გვარდიოლას გუნდის ირგვლივ მოვლენები საკმაოდ კარგად ვითარდება. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "სიტიმ" "ბაიერნი" დაამარცხა და 1/2 ფინალში "რეალს" დაუპირისპირდება. უქმეებზე კი, FA თასის 1/2 ფინალში "შეფილდი" დაამარცხა და ფინალში თანაქალაქელ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება. პრემიერ ლიგაში "სიტის" მომავალი შეხვედრა 26 აპრილს აქვს ჩანიშნული, სადაც პირველადგილოსან "არსენალს" დაუპირისპირდება. გვარდიოლას ბიჭებს მშვენიერი შანსი აქვთ იმისათვის, რომ "მეთოფეებთან" სხვაობა შეამცირონ. ამჟამად, არტეტასა და გვარდიოლას გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა.