"UEFA-მ უკრაინას გამარჯვება მოპარა" - ფანები ჩეფერინს აკრიტიკებენ
იტალიასთან გამართული მატჩის ბოლო წუთზე საეჭვო ვითარებაში არდანიშნული პენალტის გამო, ფანები შეთქმულების თეორიის შესახებ ალაპარაკდნენ.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი - იტალია სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდა და ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შედეგად 1 ქულა მოიპოვა, რაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.
საშინაო არენაზე მოპოვებული გამარჯვების (2:1) შედეგად, უკანასკნელ ტურში იტალიისთვის მთავარი იყო, რომ უკრაინასთან არ დამარცხებულიყო - სხვა ნებისმიერი შედეგი "აძურის" უმაგრებდა ზურგს. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, უკრაინისა და იტალიის საფეხბურთო მატჩი გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ იტალიამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა - უკრაინას კი კიდევ ერთი შანსი მომავალი წლის მარტში, ერთა ლიგის პლეი-ოფში მიეცემა.
მეორე ტაიმის დამატებით დროში საკმაოდ საკამათო მომენტი შეიქმნა - მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანდემ საჯარიმოში წააქცია და ერთი შეხედვით 100%-იანი პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ესპანელმა არბიტრმა - ხესუს ჟილ მანზანომ პენალტი არ დანიშნა, VAR-მა კი არბიტრის გადაწყვეტილება არ განიხილა. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია გულშემატკივრების აღშფოთება. არდანიშნული თერთმეტმერიანის გამო, ფანებმა შეთქმულების თეორიაზე დაიწყეს საუბარი და აღნიშნეს, რომ UEFA-ს პრეზიდენტმა - ალექსანდრ ჩეფერინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იტალიას ევროპირველობის საგზური მიეღო.
უკანასკნელ წუთებზე საჯარიმოში აშკარა დარღვევა იყო, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
1000000% პენალტი და მე იტალიელი ვარ.
აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება. უკრაინა გაძარცვეს, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. -
ეს იმ კომენტარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საფეხბურთო მიმომხილველებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა და ფანებმა სოციალურ ქსელებში განათავსეს.
ფანების უკმაყოფილებას UEFA-ს პრეზიდენტის - ალექსანდრ ჩეფერინის კომენტარიც იწვევს, რომელიც ამ უკანასკნელმა მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიურ მედიასთან გააკეთა.
იტალიამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კატასტროფა იქნება. იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობ მათ უკრაინის დამარცხება შეუძლიათ. - ალექსანდრ ჩეფერინი.