UEFA: ახალი სახეები და სიურპრიზები - უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს მოულოდნელ და შთამბეჭდავ გამარჯვებას მსოფლიო მედიის დიდი ყურადღება დაეთმო. The Independent, CNN, The Guardian, The Athletic, Der Spiegel, BBC და სხვა ავტორიტეტული გამოცემები ჩვენი ნაკრების წარმატების შესახებ სტატიებს რეგულარულად აქვეყნებენ. ამჯერად, საინტერესო სტატიას uefa.com-ზე შევხვდით, სადაც ყურადღება მოულოდნელობით აღსავსე ტურნირზეა გამახვილებული.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი შთამბეჭდავი მატჩებით დასრულდა, რაც იძლევა იმისი თქმის საფუძველს, რომ ევროპული ფეხბურთის დონე მზარდია. ამავე დროს, ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი კვალის დატოვების საშუალება უფრო მეტ გუნდს ეძლევა.
მერვედფინალების დაკომპლექტების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის ხმა განსაკუთრებით ხმამაღლა ისმოდა: საქართველოს ნაკრები დიდი ტურნირის მერვედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატია. ამასთან ერთად, აღსანიშნავია მერვედფინალში სლოვენიის პირველად გასვლაც. 2000 წლის შემდეგ, პირველად ვიხილავთ მერვედფინალში რუმინეთს. გამოსაყოფია ავსტრიის ასპარეზობაც, რომელმაც ურთულეს ჯგუფში (საფრანგეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი) პირველი პოზიცია დაიკავა.
ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების გაზრდილი რაოდენობა და მრავალფეროვნება ტურნირის კონკურენტუნარიანობის მატებაზეც აისახა. ევრო 2024-ზე მოთამაშე თითოეულმა გუნდმა მინიმუმ 1 ქულას მაინც მოუყარა თავი. პირველ და მეოთხე პოზიციებს შორის ქულათა საშუალო სხვაობა კი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე დაბალია. ისიც სათქმელია, რომ ჯგუფში 9 ქულა მხოლოდ ერთმა გუნდმა, ესპანეთმა დააგროვა.
ამ სტატიაში არ ყოფილა საუბარი მოთამაშეთა ინდივიდუალურ წარმატებაზე, თუმცა ეს აღსანიშნავი ფაქტია:
3 გოლით, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირია;
ყველაზე მეტი სეივი აქვს შესრულებული გიორგი მამარდაშვილს (20), რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ მდევარს 7 სეივით უსწრებს;
დემბელესა და დოკუს შემდეგ (22), ყველაზე მეტი დრიბლინგი აქვს კვარაცხელიას შესრულებული (21);
ყველაზე მეტი ვარდნა ტურნირზე ჩაკვეტაძესა და დანიის ნახევარმცელ ჰოიბიერგს (12) აქვთ შესრულებული. შემდეგ პოზიციაზე, 11 ვარდნით, ჯუდ ბელინგემია;
სახიფათო მომენტის განმუხტვა - ამ კომპონენტში, შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვთ კაშიასა (29) და დვალს (20), რომლებიც მხოლოდ სლოვენიელ იაკა ბიოლს (31) ჩამორჩებიან. კვერკველია, რომელიც პორტუგალიასთან მოედანზე მატჩის მიწურულს შემოვიდა, მე-17 ადგილს იკავებს (12).
ბურთის 22-ჯერ დაბრუნებით, გურამ კაშია მე-8 ადგილს იკავებს, დვალი და კაკაბაძე კი მე-10 ადგილს ინაწილებენ (20).
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ისტორიულ მერვედფინალურ შეხვედრას 30 ივნისს, 23:00-ზე გამართავს.