უჩა სოსიაშვილი: "ნამდვილად გამორჩეულია კუხიანიძის განვლილი გზა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი არ არის, საკუთარი რესურსის 30% აქვს გამოვლენილი"
3 წლის წინ
ფეხბურთი
7 წთ
პირველ რიგში, სერგო კუხიანიძეზე ვისაუბროთ. ფეხბურთელზე, რომელმაც განსაკუთრებული პროგრესი სწორედ თქვენს ხელში განიცადა. როგორ შეაფასებთ მის პოტენციალს და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
როცა "სამგურალში" მივედი და პირველად ფეხბურთელებს შევხვდი, ვუთხარი, რომ უახლოეს წლებში მათ საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშათ, რაც თავდაპირველად მათთვის ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი ჩემი კარიერიდან მაგალითების მოყვანას, იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც თავიანთ მიზანს მიაღწიეს და შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდნენ, მაგალითად: ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია და სხვები. რაც შეეხება უშუალოდ სერგო კუხიანიძეს, ის ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი შრომა და სწავლება გავწიეთ, უშუალოდ სერგოსთან კი სისტემატიურად ყველაზე მეტი დროის გატარების შესაძლებლობა მომეცა. საქართველოს ნაკრებში მისი გამოძახება ძალიან სასიხარულოა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს, მაგრამ სერგოს მაქსიმუმი არ არის. რა თქმა უნდა, დღეს ის საქართველოს ნაკრების პირველი ფორვარდი არ არის, თუმცა თუ ბევრს იშრომებს და თავის კარიერას სწორად განავითარებს, ამის მიღწევის შანსი ნამდვილად ექნება. ნამდვილად შთამბეჭდავია ის გზა, რომელიც მან გაიარა. წელიწადნახევრის წინ ის მესამე ლიგაში თამაშობდა, დღეს კი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. ამრიგად, ეს ნაბიჯი ნამდვილად წარმატებულია, თუმცა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეს ნამდვილად არ არის და ვთვლი, რომ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 30% აქვს გამოვლენილი და უფრო მაღალ დონეზე ასვლა შეუძლია.
სერგო კუხიანიძის მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურ მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორ ფიქრობთ რა როლი უკავია ამ ფაქტორს სპორტსმენის კარიერის სწორად განვითარებაში?
ფეხბურთელი ყოველთვის უნდა პროგრესირებდეს და ერთ ადგილზე არასდროს უნდა გაჩერდეს. სერგო კუხიანიძემ მესამე ლიგაში 16 გოლი გაიტანა, მეორეში - 12, ჰქონდა გამორჩეული მატჩები, რომლებიც ბევრი გოლის გატანასაც უდრის. დრეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია და გოლების გატანას კუხიანიძე აქაც ახერხებს. შესაბამისად, ნათელია, რომ ფეხბურთელი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენას ყველა ლიგაში და ყველა ეტაპზე ახერხებს. მას რომ საკუთარი ყველა მომენტის რეალიზება რომ სრულად მოეხერხებინა, ახლა დაახლოებით 10-12 გოლი უნდა ჰქონდეს გატანილი. თუმცა ესეც მეტწილად გამოცდილების ნაკლებობის ბრალი მგონია. ჩვენ ძალიან ხშირი საუბარი გვქონდა და ვფიქრობ, ეს შედეგები, რომელიც ვახსენეთ, მეტწილად სწორედ მისი ფსიქოლოგიურად სწორად განწყობის დამსახურებაა. როცა მისი კარიერის განვითარებაზე ვსაუბრობდით, ვუთხარი, რომ მას ამ მხრივ ორი მთავარი კომპონენტი დაეხმარებოდა: ეროვნულ გუნდში გამოძახება და ჩემპიონატში საკმაო რაოდენობის გოლების გატანა, რაც მას ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. ვფიქრობ, სერგო კუხიანიძეს აქვს ყველა შესაძლო კომპონენტი იმისთვის, რომ საუკეთესო მეგოლეობისთვის იბრძოლოს. საქართველოს ნაკრებში გამოძახება არის ის ფაქტი, რომელზეც მე თავიდანვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ასე მოხდებოდა. თუმცა ფეხბურთელი ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობდეს.