ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგმა სპეციალისტმა თავად, sofoot.com-თან ინტერვიუში დაადასტურა.
"კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივეს, რომელიც კიდევ 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. გადავწყვიტე წელიწადში რამდენიმე თვე თბილისში მეცხოვრა, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელმა იცოდეს ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ფეხბურთელების ხასიათი.
ისე, ცოტა ხანს ქართული ენის შესწავლასაც კი ვცდილობდი, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც კი მირჩიეს დანებება! ეს არის ანბანი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის და ის ძალიან რთულად გამოიყურება", - თქვა ვილი სანიოლმა sofoot.com-თან ინტერვიუში.
ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2021 წლის დასაწყისში შეუდგა და მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 17 შეხვედრა გამართა, საიდანაც 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7-ში დამარცხდა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.