U21 | ევროპის ჩემპიონატის წილისყრის თარიღი და საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატიას პენალტების სერიაში აჯობა და ტურნირის საგზური გაიფორმა.
მომავალ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც 2025 წლის 11-28 ივნისს სლოვაკეთი უმასპინძლებს, 16 ნაკრები იასპარეზებს. გუნდები კალათებში ასე გადანაწილდნენ:
I კალათი - ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები
II კალათი - გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, იტალია
III კალათი - დანია, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი
IV კალათი - საქართველო, სლოვენია, ფინეთი, სლოვაკეთი
წილისყრამდე, რომელიც 3 დეკემბერს ბრატისლავაში გაიმართება, ცნობილია, რომ სლოვაკეთი A ჯგუფში ითამაშებს, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ამ ჯგუფში მოხვედრა გამორიცხულია.
წინა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს. ფინალური შეხვედრა ინგლისსა და ესპანეთს შორის ბათუმში გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.