,,საქართველოს აქვს ის, რაც ჩვენი გუნდისთვის მსურს'' - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ, საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თამაშისადმი დიდი ვნება და უზარმაზარი გულები გვაქვს. თავდადებისა და გუნდურობის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ის, რაც ჩვენი გუნდისთვის მსურს. მათი კოლექტიური თამაშის სტილი იმ თაობიდან მოდის, რომელმაც 2 წლის წინ ამ ტურნირს უმასპინძლა.
ბოლო 13 მატჩში საქართველომ გოლი მხოლოდ რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ვერ გაიტანა. ისინი როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც გამოირჩევიან. მათ მეოთხედფინალამდე სულ რამდენიმე წუთი აშორებდათ და ასეთ შემთხვევაში, ჩვენთან დადებითი შედეგი აღარ დასჭირდებოდათ.'' - რუი ჟორჟე
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი-ოფის საგზურს გაიფორმებს.