"თუ კაირატი რეალს დაამარცხებს ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ" - ყაზახი ბიზნესმენი
ყაზახი ბიზნესმენი, თურსენგალი ალაგუზოვი ალმაატის კაირატის ყველა ფეხბურთელს რეალ მადრიდთან გამარჯვების შემთხვევაში მანქანას დაჰპირდა. ყაზახური გუნდი ესპანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდება, მატჩი 30 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კაირატში გიორგი ზარია თამაშობს, რომელიც ტრავმის გამო ჯერჯერობით გუნდს ვერ ეხმარება.
ყაზახი ბიზნესმენის განცხადება სოციალურ ქსელში:
როგორც რესპუბლიკის პატრიოტი, ჩემი დაბადების დღის წინა დღეს, გპირდებით, რომ თუ გუნდი გაიმარჯვებს ყველა მოთამაშეს საჩუქრად მანქანას გადავცემ. ალმაატი მსოფლიოს დედაქალაქია, კაირატი კი ჩემპიონი! - თურსენგალი ალაგუზოვი
გავრცელებული ინფორმაციით ბიზნესმენმა ცოტა ხნის წინ თავისი კომპანიის 100 თანამშრომელს ბინა გადასცა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი დოლარია.
ალმაატის კაირატი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოხვდა, მათ პირველი შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგთან გამართეს და 4:1 დამარცხდნენ. ისინი 30 სექტემბერს საკუთარ არენაზე მადრიდის რეალს მიიღებენ და ამ მატჩს მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ელოდება.