განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები | როგორ ემზადებიან ყაზახეთში ისტორიული მატჩისთვის
უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონი, ალმაატის ქაირათი ტურნირის რეკორდსმენს, მადრიდის რეალს შეხვდება.
ყაზახური ფეხბურთის ისტორიული მატჩისთვის ალმაატაში განსაკუთრებულად ემზადებიან. მატჩის წინა დღეს, მადრიდის რეალის ვარჯიშამდე სტადიონთან შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ტერიტორიის დასატოვებლად, სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭირო.
მატჩის დღეს გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ქვეყანა და ქალაქი შეხვედრის დაწყებამდე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იცავს.
წესრიგის დაცვის მიზნით, 2500 პოლიციელის მობილიზება მოხდება, რომელთა ძირითადი მოვალეობები გულშემატკივრებისა და გუნდების უსაფრთხოების დაცვა, ასევე საგზაო მოძრაობის რეგულირება იქნება.
განცხადებებში, რომელიც ქაირათის წარმომადგენლებმა გააკეთეს, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მგზავრობის მარშრუტი წინასწარ დაგეგმონ.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ ტრავმის შემდეგ ალმაატის ქაირათთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო და მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა აღნიშნა, რომ შეძლებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი თამაშს, ამას უშუალოდ შეხვედრამდე გადაწყვეტენ.