"თუ ალვარესი არა, მაშინ - მიქაუტაძე | The Athletic-ის ანალიტიკა
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბარსელონა, დამდეგი სეზონისთვის, ფორვარდს, კლასიკუურ 9-ნომერს ეძებს. დიდი ხანია კატალონიელებს ხულიან ალვარესის შეძენა სურთ, თუმცა ატლეტიკო არგენტინელს ბარსელონაში წასვლის უფლებას არ აძლევს.
ამ თემასთან დაკავშირებით, The Athletic-ის ინსტაგრამ გვერდმა ანალიტიკური ვიდეო ჩაწერა და ბარსელონას საჭიროებებში, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა დააწინაურა. ვიდეოში გამოთქმულ აზრებს უცვლელად გთავაზობთ:
ხულიან ალვარესის ალტერნატივა - რატომ არის გიორგი მიქაუტაძე ბარსელონასთვის იდეალური ვარიანტი?
ბარსელონას ახალი თავდამსხმელი სჭირდება, თუმცა მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ხულიან ალვარესის დამატება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ვიპოვეთ იდეალური ალტერნატივა, რომელზეც ჯერჯერობით თითქმის არავინ საუბრობს.
რა სჭირდება ბარსელონას სინამდვილეში?
თუ კატალონიელების გასული სეზონის თამაშს დავაკვირდებით - კერძოდ იმას, თუ როგორ იყენებს ჰანსი ფლიკი რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესს, ნათელი ხდება, რა მოეთხოვება ფორვარდს მის ტაქტიკურ სისტემაში.
ბარსელონა წარმოუდგენლად სწრაფ ტემპში თამაშობს, სადაც შეტევაში ექსპრეს-სწრაფი ფეხბურთელები არიან ჩართულნი. შესაბამისად, ფლიკს სჭირდება ფორვარდი, რომელსაც სიღრმეში ჩამოსვლა, ბურთის მიღება და თანაგუნდელებისთვის სწრაფად გადანაწილება შეუძლია. ამისთვის კი აუცილებელია იდეალური პირველი შეხება და მწვავე, ზუსტი პასი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი „ბარსას“ ტაქტიკაში პოზიციურ შეტევას ეხება. კატალონიელები საჯარიმოში უბრალოდ მაღალ ჩაწოდებებს არ აკეთებენ - ისინი ცდილობენ კომბინაციურად შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში, ამიტომ თავდამსხმელს მოეთხოვება სივრცის საუკეთესო შეგრძნება და, რა თქმა უნდა, ცივსისხლიანი დაგვირგვინება (Finishing).
ეს კრიტერიუმები საშუალებას გვაძლევს, სიიდან ეგრევე ამოვიღოთ ისეთი ტიპაჟები, როგორიც მაგალითად იგორ ტიაგოა - ის, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძლიერი „ცხრა ნომერია“, თუმცა ამ პროფილს საერთოდ არ ერგება.
მთავარი აღმოჩენა - გიორგი მიქაუტაძე
საბოლოოდ კი მივადექით (ჟორჟ) მიქაუტაძეს. ის 25 წლისაა, ვილიარეალში თამაშობს და ფანტასტიკური საგოლე მაჩვენებელი აქვს - ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, თითოეულში 10-ზე მეტი გოლი გააქვს და სტაბილურად აჭარბებს მოსალოდნელი გოლების (xG) ინდიკატორს. რაც უფრო მეტს ვუყურებდი მის თამაშს, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ის ზუსტად ის არის, რაც ბარსელონას სჭირდება!
პასის კულტურა: მიქაუტაძე ორივე ფეხით ერთნაირად კომფორტულად თამაშობს „ერთ შეხებაში“ (First-time passes), რაც ზუსტად იმ ტიპის შეტევებისთვისაა იდეალური, რასაც ბარსელონა იყენებს.
მოძრაობა უბურთოდ: შეხედეთ მის მოძრაობას ეპიზოდებში - ჯერ სიღრმეში ჩამოდის პასის მისაღებად, ხოლო როგორც კი შეტევა ფლანგზე გადადის, იცვლის მიმართულებას, იჭრება შორეულ ძელთან და ბურთი კარში გააქვს.
დაგვირგვინება: თამაშის მანერით ის არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს მეორე სართულზე (ჰაერში), თუმცა ამას სრულად აკომპენსირებს ორივე ფეხით დარტყმის უნარით. ის განსაკუთრებით ზუსტია ტერფის შიდა ნაწილით დარტყმისას და გოლების გატანა ყველაზე რთული, უხერხული პოზიციებიდანაც შეუძლია.
დასკვნა:
თუ ბარსელონას კვლავ სურს უმაღლესი დონის თავდამსხმელის დამატება და ხულიან ალვარესის ტრანსფერი არ გამოვა, მიქაუტაძე ყველაზე გონივრული და იდეალური არჩევანია. - გვესმის The Athletic-ის ვიდეოში