Belive

ცნობილია, რომელ კალათში იქნება საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 კალათში იქნება. ჩვენი გუნდის გარდა, მე-3 კალათშია შოტლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა ირლანდია, ფინეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვენია და ისრაელი.

მომავალ მუნდიალზე, რომელშიც 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს, ევროპას 16 წარმომადგენელი ეყოლება - 12 პირველადგილოსანი საგზურს პირდაპირ გაიფორმებს, 12 მეორეადგილოსანი კი, ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის მარტში პლეი-ოფში ითამაშებს და დარჩენილი 4 საგზურის მოპოვებას ეცდება.

წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 54 ევროპული ნაკრები (რუსეთი კვლავ დისკვალიფიკაციითაა დასჯილი), რომლებიც 12 ოთხ და ხუთგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან.

ხუთგუნდიანი ჯგუფებისთვის ციკლი 2025 წლის 21-22 მარტს დაიწყება, 4-გუნდიანი ჯგუფებისთვის კი 4-6 სექტემბერს. ევროპაში შესარჩევი ეტაპის ბოლო ტური 2025 წლის 16-18 ნოემბერს გაიმართება.

პირველი კალათი საფრანგეთმა, ინგლისმა, ესპანეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, იტალიამ, გერმანიამ, ხორვატიამ, დანიამ, შვეიცარიამ და ავსტრიამ დააკომპლექტეს.

  • ცნობილია, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია ამ ნაკრებების ერთ ჯგუფში მოხვედრა: სომხეთი-აზერბაიჯანი; ბელარუსი-უკრაინა; გიბრალტარი-ესპანეთი; ბოსნია და ჰერცეგოვინა-კოსოვო, კოსოვო-სერბეთი.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველომ 7 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ჯგუფში მხოლოდ კოსოვოს აჯობა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე პირველი ადგილით ესპანეთი გავიდა, მეორეადგილოსანი შვედეთი კი პლეი-ოფში დამარცხდა.

სხვა სტატიები